ბახტრიონზე, წიგნის სახლში, კურტ ვონეგუტის “სასაკლაო 5”-ის წარდგინება გაიმართება
11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბახტრიონზე, წიგნის სახლში, გამომცემლობა ,,დიოგენე“ კურტ ვონეგუტის ,,სასაკლაო 5”-ის პრეზენტაციას გამართავს.
ქართული გამოცემის წარდგენა ეძღვნება ვონეგუტის დაბადების დღეს. 11 ნოემბერს მწერალს 93 წელი შეუსრულდებოდა.
„სასაკლაო 5“ კურტ ვონეგუტის ყველაზე ცნობილი რომანია. ცენზურის მიუხედავად, წიგნი ერთხმად აღიარეს მკითხველებმაც და კრიტიკოსებმაც. ავტორის მონათხრობი, ერთი მხრივ, მოიცავს XX საუკუნის დრამატულ ისტორიულ ფაქტებს და, მეორე მხრივ, არარსებული პლანეტა ტრალფამადორის ცხოვრების აღწერას.
რომანის მთავარი გმირი ბილი პილგრიმი რიგითი ამერიკელია: ბავშვობა 20-იანი წლების აშშ-ში, ტყვედ ყოფნა გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოსტტრავმული სტრესი, „ჩვეულებრივი“ სამსახური, სტანდარტული ქორწინება და შვილები… პარალელურად, ბილი პილგრიმი დროში მოგზაურობს, მის თავს ყოვლად უჩვეულო, ფანტასტიკური ამბები ხდება, თუმცა ეს ყველაფერი ისევ რეალური ცხოვრების სევდიანი თუ კომიკური გარემოებებითაა განპირობებული.
,,სასაკლაო 5’’ ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ და სერია ,,დიოგენეს ბიბლიოთეკის“ გაგრძელებაა.
წიგნი გამოცემულია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.