პრემიერი: ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მეცნიერების ხელშეწყობას
განათლება არის ჩვენი მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში განაცხადა, სადაც მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული გახსნა.
“განათლება არის ჩვენი მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან განათლებული თაობის გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა შევძლოთ ისეთი სიძნელეების გადალახვა, როგორიც არის უმუშევრობა, ეკონომიკა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მეცნიერების ხელშეწყობას“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დარბაზში შეკრებილ სტუმრებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებს, პროფესორებს სიტყვით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან თბილისი და მთლიანად საქართველო უმასპინძლებს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს და შეუერთდება მსოფლიოს იმ წამყვან ქალაქებს, რომლებშიც ტარდება მსგავსი ფესტივალები.
პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას იმ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს მთავრობამ განათლების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით გადადგა.
„დავაფუძნეთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიის განვითარების სააგენტო, რომელიც არის უნიკალური. ასევე გავხსენით სან – დიეგოს უნივერსიტეტის ფილიალი, რომლის საშუალებითაც პირველად საქართველოში ქართველი სტუდენტები მიიღებენ სან – დიეგოს უნივერსიტეტის დიპლომს“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა სტუმრებთან ერთად ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად იმართება.