ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება

ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის, “ცერნის” მონაწილეობით ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი ხორციელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში განაცხადა, სადაც მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა და გამოფენა დაათვალიერა.

როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული არის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიება, რომელიც კარგად გამოხატავს საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას განათლებისა და მეცნიერების მიმართ.

მისივე თქმით, კვირეულს აქვს მრავალმხრივი დატვირთვა და მიზნები.

“პირველი ეს არის სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ასევე ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა, იდეების გაცვლა ფართო საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო გაღრმავება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ახალგაზრდა მკვლევარების ჩართულობა, მათი მოტივაციის გაზრდა, სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება ამ კუთხით, მათი ჩართულობა სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ “ცერნის” ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა დაათვალიერონ, რაც ასევე ძალიან საინტერესოა, ის პირველად იმართება კავკასიის რეგიონში, რომლის საშუალებით ქართული სააზოგადოება მსოფლიო მეცნიერების უახლოეს და უმნიშვნელოვანეს მიღწევებს ეზიარება. “მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ “ფონდ ქართუს” დაფინანსებით, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის “ცერნის” მონაწილებით ხორციელდება ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისთვის, ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული 10 ნოემბრიდან 17 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თარიღი სიმბოლურია, ვინაიდან ეს კვირეული იხსნება დღეს 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს და მთავრდება 17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები