„ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კომპანიებს უნდა მივცეთ ვადები, მაგრამ არა ისეთი, რომ ქალაქს უფრო მეტი პრობლემა შევუქმნათ“
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო ვადები გადასახედია. როგორც საკრებულოს დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ხშირად ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს აჭიანურებენ და ამის გამო ქალაქში საცობების რაოდენობა იმატებს.
„ დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებლობა გამარჯვებულ კომპანიას ენიჭება. ისინი აჭიანურებენ სამუშაოების შესრულებას. გადასახედია სატენდერო პირობები, მასში კარგად უნდა გაიწეროს დაწყება დასრულების ვადები. მაგრამ ის სამუშაოები, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, ძალიან შემჭიდროებულ ვადებში უნდა ჩაეტიოს. კომპანიებს უნდა მივცეთ ოპტიმალური ვადები, მაგრამ ეს ისე არ უნდა გაიწეროს, რომ საცობების მხრივ ისედაც მძიმე პრობლემების მქონე ქალაქს უფრო მეტი პრობლემა შევუქმნათ“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.