ზაზა ვეკუა ჩაშლილი ტენდერების გამო პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა თბილისის მერის საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილოა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა მერიაში კადრების კუთხით საჭირო იყო სისტემური და არა ის კოსმეტიკური ცვლილებები. საკადრო ცვლილებების გარდა, ვეკუამ მერია დაუსრულებელი პროექტების გამოც გააკრიტიკა.
მისი თქმით, ის, რომ რომელიმე კერძო კომპანია არაკეთილსინდისიერია და ტენდერით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა, ამაზე პასუხისმგებლობა მერიას ეკისრება, რადგან, ზაზა ვეკუას განცხადებით, დედაქალაქის მერიას ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც როგორც სატენდერო პირობების შექმნაზე, ისე ტენდერის ჩატარებაზე პასუხს აგებენ.
„თბილისის მერიაში კადრების კუთხით საჭირო იყო სისტემური და არა ის კოსმეტიკური ცვლილებები, რომელსაც ბატონი ნარმანია ახორციელებდა. დედაქალაქში ძალიან რთული სიტუაციაა. კეთილმოწყობის სამსახურს ამ დრომდე ხელმძღვანელი არ ჰყავს. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით ამ სამსახურის პრობლემებზე. ეს ეხებოდა როგორც ჩატარებულ, ისე ჩაშლილ ტენდერებს.
რაც შეეხება პროექტებს, წერეთლის პროსპექტი, ბაგები, წყნეთის გზა, გლდანის ხიდი… ყველაფერი გადათხრილია. როდესაც ეს სამუშაოები სატრანსპორტო სამსახურთან შეთანხმებული არ ყოფილა, ამ პროექტების ერთდროულად დაწყებამ გადაადგილის პრობლემები შექმნა. დღეს ყველა წამოწყებული საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტი მიტოვებულია. ნარმანიამ შეუსრულებელი სამუშაოების გამო ხელი გაიშვირა ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისკენ, რომლებიც სამუშაოებს ასრულებდნენ. ეს არასერიოზულია, დედაქალაქის მერიას ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც როგორც სატენდერო პირობების შექმნაზე, ისე ტენდერის ჩატარებაზე და ამ ჩატარების ხარისხზე პასუხს აგებენ. სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ ის, რომ ეს სამუშაოები დროულად და სწორად ჩატარდეს“,- განაცხადა ზაზა ვეკუამ.