უსუფაშვილი: დედა ნამდვილად დედაა, ცოლი ნამდვილად ცოლია, თანამშრომელი ნამდვილად თანამშრომელია

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, თუ მისი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მოსამართლე კოპალეიშვილი მისი თანამშრომელი იყო, მაშინ ეს ორმაგი აცილების საფუძველს იძლევა.
“დედა ნამდვილად დედაა, ცოლი ნამდვილად ცოლია, თანამშრომელი ნამდვილად თანამშრომელია – მე ამას ვადასტურებ. თუ თქვენ მიუთითებთ დამატებით საფუძვლებზე, რომ მოსამართლეებს შეიძლება კიდევ სხვა პრობლემები ჰქონდეთ და მიკერძოებულობა ეჭვქვეშ იდგეს, ორმაგი საფუძველი ყოფილა იმისა, რომ ეს საქმე სხვამ განიხილოს.
პარლამენტი არის მხარე სასამართლო პროცესში. ამიტომ, ეს პოზიცია ამა თუ იმ მოსამართლის მიკერძოება-მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, როგორც პარლამენტის პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტმა, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 46-ე მუხლის და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოსარჩელე სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2-ის” მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში, ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებასთან დაკავშირებით. პარლამენტი განმარტავს, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები