გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც საბოლოოდ უნდა დაამარცხოს ქალთა დისკრიმინაცია
გვჯერა, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც საბოლოოდ უნდა დაამარცხოს ქალთა დისკრიმინაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კარგად აქვს გააზრებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და, ზოგადად, ევროკავშირისთვის პრიორიტეტული საკითხების მნიშვნელობა, მათ შორის, გოგონათა და ქალთა ცხოვრების შესაცვლელად შემუშავებული ჩარჩო პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტები.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნებს, რომელთაც დემოკრატიული განვითარება სურთ, ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ყველა ადამიანის საზოგადოებრივ ჩართულობაზე განურჩევლად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
“საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილ და თანასწორ ჩართულობაზე. ამ ხედვას განურჩევლად სქესისა, ჩვენი მთავრობის ყველა წევრი იზიარებს. თუმცა, ვაცნობიერებთ, რომ სრული გენდერული თანასწორობისა და მსოფლიოში ქალთა მიერ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების შეუზღუდავი რეალიზებისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით საქართველომ მთელი რიგი ვალდებულებები აიღო, მათ შორის გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა, პოლიტიკის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა და აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა. “ჩვენ მზად ვართ, ამ სულისკვეთებით განვაგრძოთ რეფორმების გატარება და გვჯერა, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გენდერულ იდენტობაზე, ქალთა უფლებებზე და გენდერული თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით საბოლოოდ უნდა დაამარცხოს ქალთა დისკრიმინაცია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.