ირაკლი ღარიბაშვილი: ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ

ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული ქალების მიმართ ის დისკრიმინაცია და ის ძალადობა, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, – აღნიშნული განცხადება პრემიერმა სასტუმრო “რედისონში” გააკეთა, სადაც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია – “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” იმართება.
მისივე თქმით, მისთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ საქართველო მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც განიხილავს გენდერული თანასწორობის პოლიტიკას ევროპულ სამეზობლოში. “ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც განიხილავს გენდერული თანასწორობის პოლიტიკას ევროპულ სამეზობლოში. მინდა გითხრათ, რომ გენდერული თანასწორობის თემაზე მსჯელობა პირადად ჩემთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ქალებისა და კაცების თანასწორობა ჩემთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, პირადად მე ამ ტრადიციებით გავიზარდე.
თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა, რომ ქალი და კაცი თანასწორია. ამიტომაც არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული ქალების მიმართ ის დისკრიმინაცია და ის ძალადობა, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არ არსებობს გარემოება, რომლითაც შეიძლება ამის გამართლება. ნამდვილად ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც, გაეროს მხოლოდ წლევანდელი მონაცემებით, 39 მილიონ გოგონას არ მიეცა სასკოლო განათლების საშუალება, 774 მილიონი ზრდასრული ქალის ორ მესამედს ასევე არ მიეცა განათლების საშუალება. მოდით, დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოში ღარიბი მოსახლეობის 70 პროცენტი ქალია. როგორ უნდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდის ძალადობას გენდერული ნიშნით და ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელსაც შესწევს უნარი იბრძოლოს და შეცვალოს არსებული რეალობა”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები