ვინ გაიტანა “საქართველოს ბანკიდან” 10 მილიონი – რას ყვება ბანკის თანამშრომელი

“საქართველოს ბანკიდან” 10 მილიონი საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ილია გ-მ გაიტაცა. აღნიშნულ ინფორმაციას ბანკის საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელზე დაყრდნობით, გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
“ის “პრივატბანკის” საინკასაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ორგანიზაცია “საქართველოს ბანკმა” შეიერთა, ილია გ. გაერთიანებულ საინკასაციო სამსახურში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე დანიშნეს. ის “პრივატბანკის” ადგილმონაცვლე ფილიალებს კურირებდა”,- ყვება გამოცემასთან საუბრისას ბანკის თანამშრომელი.
ამავე სტატიაში ირკვევა, რომ დღის ბოლოს ინკასაციის მიერ ფილიალებიდან ამოღებული თანხის ტრანსპორტირება სწორედ ილია.გ-ს მეთვალყურეობის ქვეშ ხორციელდებოდა.
“იმ დღეს თავისუფლების მოედანზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალიდან ინკასაციის მიზნით გამოიტანა 10 მილიონი, სადაც შედიოდა როგორც ეროვნული ვალუტა, ასევე აშშ დოლარი,სტერლინგი, რუსული რუბლი და ევრო. მოგვიანებით, ინკასაციის მანქანა გაუჩინარდა.
ყველაფერი წინასწარ და საკმაოდ ჭკვიანურად იყო გათვლილი. სავარაუდოდ, GPS-ს სისტემა მწყობრიდან გამოიყვანეს.
ვიცი, რომ ერთ-ერთ კამერას დაფიქსირებული აქვს, როგორ არჩევს ვალუტას, მაგალითად, ლარს იქვე ყრის და სხვა ვალუტა თან მიაქვს”,- აღნიშნა ბანკის თანამშრომელმა, რომლის ინფორმაციითაც, საქმეში ილია გ-ს გარდა კიდევ ერთი პირი ფიგურირებს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა.
მისივე განცხადებით, გამტაცებლები რუსეთის საზღვართან, ლარსის საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე სწორედ რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით მივიდნენ და საზღვარიც ფულით სავსე ტომრებით გადაკვეთეს.
ამბობენ იმასაც, რომ მესაზღვრეებს საკმაოდ სოლიდური თანხაც გადაუხადეს.
გარდა ამისა, გამოცემასთან საუბრისას ბანკის თანამშრომელი ყვება, რომ ილია გ-ს საქართველოში არავინ ჰყავს, არც დაოჯახებული ყოფილა და არც ვინმე ნათესავთან ჰქონია კავშირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები