რუსი სამხედროები სირიაში ბაზების გარეთ დააფიქსირეს
სირიაში მყოფი რუსი სამხედროები, ასევე არტილერია და ჯავშანტექნიკა ტარტუსის და ლატაკიის ბაზებს მიღმა აღმოაჩინეს. ამის შესახებ Conflict Intelligence Team-ის აქტივისტების მიერ გავრცელებულ მასალებშია ნათქვამი.
უკრაინული საიტ InformNapalm-ის აქტივისტებთან ერთად CIT-ის გუნდმა შეისწავლა ფოტოები, რომლებიც 74-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრომ აიას სარიგ-ოოლმა გამოაქვეყნა. ამ ჯარისკაცმა ინტერნეტში რამდენიმე ფოტო დადო და კომენტარებში თავად მიუთითა, რომ ის სირიაშია გადაღებული. ფოტოების გეოლოკოციის შესწავლის შემდეგ CIT-ის აქტივისტებმა დადგინეს, რომ ეს მებრძოლი „კამაზით“ მიდის ქალაქ ხამას აღმოსავლეთით, რომელიც რუსული ხმეიმიმის ავიაბაზიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.
ასევე აქტივისტებმა სოციალურ ქსელებში 810-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითის ვლადიმერ ბოლდირევის პროფილი აღმოაჩინეს, რომლის მიზანი, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტარტუსის და ლატაკიის ბაზების დაცვაა. ამ სამხედროს გვერდზე აქტივისტებმა რუსი სამხედროების ფოტო აღმოაჩინეს, რომელიც დამასკოს და ალეპოს დამაკავშირებელ გზაზე იყო გადაღებული.
მანამდე ამ ჯგუფის აქტივისტებმა სირიის სურათებში რუსული ჯავშანტექნიკის კოლონები დააფიქსირეს, რომლებიც ლატაკიაში ავიაბაზისკენ ფრონტის ხაზის მხრიდან გადაადგილდებოდნენ. კოლონაში „მსტას“ ტიპის 152-მილიმეტრიანი ჰაუბიცა აღმოაჩინეს, რომელიც სირიის ჯარის შეიარაღებაში არ არის. CIT ასევე ინფორმაციას აქვეყნებს პალმირაში და ჰომსში თანამედროვე რუსული ტანკების დაფიქსირების შესახებ, ხოლო ასადის ძალების შეიარაღებაში დააფიქსირეს თანამედრიოვე БТР-82А და სარაკეტო სისტემები БМ-30 „სმერჩი“.