საქართველოში ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან
საქართველოში სამუშაო ვიზიტი ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ორდღიანი შეხვედრის მიზანს, ესტონეთის როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გარემოს დაცვის სფეროში გამოცდილების და დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გატარებული რეფორმები წარმოადგენს. ვიზიტის ძირითადი თემები გარემოს დაცვის სფეროს ისეთი საკვანძო მიმართულებებია, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, ტყის მდგრადი მართვა, კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ესტონურ მხარეს, დარგობრივი მიმართულებების მიხედვით, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში დღემდე მიღწეულ პროგრესს, დაგეგმილ საქმიანობას, ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებისა და ვადების შესაბამისად, უკვე მომზადებულ კანონპოექტებს და საკანონმდებლო ცვლილებებს გააცნობენ.
სემინარი თემაზე „გარემოს დაცვის სექტორის რეფორმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში” ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით 2-3 ნოემბერს იმართება.
საქართველოსა და ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა 2006 წლიდან ორმხრივი მემორადუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამ თანამშორლობის ერთ-ერთი მაგალითია.

