პაატა ზაქარეიშვილი: ფედერაციული მოდელის განხილვის შესახებ მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს
„ფედერაციული მოდელის განხილვის შესახებ მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს”, – აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
“ყირიმის ანექსიის შემდეგ აფხაზეთის პერსპექტივები არსებითად ეჭვქვეშ დადგა. რუსეთის ინტერესი და პოლიტიკა უფრო და უფრო იზრდება. მინიმუმამდე დავიდა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ნიშნებიც კი, აფხაზეთში ე.წ. პოლიციაც კი რუსულია, ეჭვქვეშ დგება მიწისა და უძრავი ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებები. ამ ფონზე განსაკუთრებულად აქტუალური და საჭიროა ვიფიქროთ მომავლის ისეთ მოდელზე, რომელშიც აფხაზური საზოგადოების ინტერესები, აფხაზი ხალხის იდენტობა და განვითარება დაცული და გარანტირებული იქნება განსხვავებით რუსეთის მიერ შეთავაზებული რეალობისგან. სწორედ ამ სურვილით იყო ნაკარნახევი ჩემს მიერ საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გამოთქმული მოსაზრება ფედერაციული მოწყობაზე მსჯელობის შესახებ. მე მხოლოდ ამ მოდელის განხილვისთვის მზაობის შესახებ განვაცხადე, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები ამჟამად არ მიმდინარეობს. გაოცებას იწვევს აფხაზური მხარის გამოხმაურება, რომელიც უარყოფს ჩემი ხელმძღვანელობით მოლაპარაკებების მიმდინარეობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დავაფიქსირე ამ მოდელის განხილვისთვის მზაობა და არა მოლაპარაკებების მიმდინარეობა. ამგვარი მოლაპარაკება რომ მიმდინარეობდეს, მზაობის დაფიქსირება უადგილო და დაგვიანებული იქნებოდა”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.