მრავალწლიანი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, – ასე შეაფასეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაფართოებულ შეხვედრაზე.
“ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით ბაქოში, ახლა ვხვდებით საქართველოში და ამით მოხარული ვარ. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც დავიწყეთ“, – განაცხადა შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და წლების განმავლობაში, სტაბილურად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმსხვილეს სამეულში ფიგურირებს. ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების დინამიკას და აღინიშნა, რომ 2012-2015 წლების მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3,7-ჯერ გაიზარდა. შეხვედრაზე იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში ერთობლივად ახორციელებენ; მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოება, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და „სოკარ ენერჯი ჯორჯია“, რომელიც საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს.
გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საუბარი არაფორმალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თბილისის ხედები დაათვალიერეს.