საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ მოსახლეობას 2015 წლის 1 იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით გაწეული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა საკრებულოს სხდომებში, ასევე ბიუროსა და სხვადასხვა კომისიაში მონაწილეობის სტატისტიკა წარმოადგინა, რის შემდეგაც საკრებულოს სარევიზიო კომისიის საქმოანობაზე დეტალურად ისაუბრა. ნუგზარ მალაღურაძის ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულებაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ბევრად უფრო ეფექტიანი გახდა აღნიშნული კომისიის მუშაობა. როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში საქალაქო სამსახურების, რაიონული გამგეობების, სსიპ-ების, ააიპ-ებისა და შპს-ების სახით, დაახლოებით 313 სამსახური ირიცხება, რომელთა მიერ საბიუჯეტო თანხებისა და მიღებული შემოსავლების ხარჯვის კანონიერებასა და მიზნობრიობის შემოწმებას სარევიზიო კომისია ახორციელებს.
დეპუტატის განცხადებით, 2014 წლის მეორე ნახევრიდან – 2015 წლის მიმდინარე პერიოდამდე სარევიზიო შემოწმება ჩატარდა 80 ორგანიზაციაში, მაშინ, როდესაც დაახლოებით წინა 3 წელიწადში სულ 29 ორგანიზაცია შემოწმდა, მათ შორის 15 მათგანის შემოწმება 2012 წლიდან 2014 წლის I ნახევრის ჩათვლით განხორციელდა. მალაღურაძის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების უმეტესი ნაწილი სისტემურ ხასიათს ატარებდა, რაც მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით იყო განპირობებული.
,,შესაბამისად, მიდგომები შეიცვალა, დამუშავდა და ჩამოყალიბდა ახალი სამოქმედო წესები, რამაც საკმაოდ შეამცირა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. მაგალითისთვის, მას შემდეგ, რაც ააიპ „ლაბორატორიას“ დაევალა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში ხარჯთაღრიცხვებისა და ფორმა N2-ის ექსპერტიზა და საბაზრო ფასებთან მისი შესაბამისობის დადგენა, 2015 წლის პირველ ნახევარში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაზოგილ იქნა დაახლოებით 2 მილიონ ლარი“,- განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ და განმარტა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლენილ ისეთ დარღვევებზე, რომლებიც არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, სარევიზიო კომისიის მიერ შემოწმებულ ორგანიზაციებზე შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა, დანაშაულის არსებობის გამოკვეთის შემთხვევაში კი შემოწმება-ანალიზის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებში გადაიგზავნა.
დეპუტატმა, როგორც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, კომისიის 13 სხდომა ჩაატარა. ამასთან, პარალელურად, როგორც საკრებულოს წევრი მონაწილეობდა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ მიერ გამართულ – 16 სხდომაში და საკრებულოსა და მერიის მიერ ჩატარებულ მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიაში.
ნუგზარ მალაღურაძე იყო მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრი. მონაწილეობდა საბჭოს მიერ გამართულ 25 სხდომში, სადაც დაახლოებით 1200 საკითხი განიხილეს. ასევე, მონაწილეობდა „ქონების მართვის სააგენტოში“ შექმნილ ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელ კომისიაში, სადაც კომისიის მიერ ჩატარებულ 4 სხდომაზე 19 საკითხი იქნა განხილული. დეპუტატი საკრებულოს 101-ე დადგენილებისა და საკრებულოს 380-ე განკარგულების მიღებაშიც იღებდა მონაწილეობას.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო და მოუსმინა, დაახლოებით, 450 მოქალაქეს, რომელთაც, შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დახმარება გაუწია. სარევიზიო კომისიის წევრებთან ერთად მოქალაქეთა 50 განცხადება შეისწავლა და მათზე რეაგირება მოახდინა.