ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთში ვიზიტი შეაჯამა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთს მეგობარ ქვეყანას უწოდებს და მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“ესტონეთი არის გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო მადლიერებით, რომ ის დახმარება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ესტონეთისგან, არის უპრეცედენტო. მართლაც, არცერთი სფერო არ არის დარჩენილი, რომელშიც ესტონური მხარე არ გვიწევს დახმარებას. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ესტონეთის დახმარება ევროკავშირის ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე დიდი მხარდაჭერა გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის კუთხით,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ორმხრივი შეხვედრების დროს ესტონური მხარე ერთხმად აღნიშნავდა საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო არის გამორჩეული ნათელი წერტილი, ვინაიდან სხვა ქვეყნებში, სამწუხაროდ, არის პრობლემები. მათ, ასე ვთქვათ, მოუწიათ გადახედვა საკუთარი მიზნებისა და ამოცანების. ჩვენ ვრჩებით ერთადერთ ერთგულ, წარმატებულ ქვეყანად, როგორც სტაბილური ქვეყანა, რომელიც მტკიცედ მიუყვება ევროინტეგრაციის გზას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე მადლიერებით მსურს დავაფიქსირო პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა, მისი ჩართულობა, პრეზიდენტის, პარლამენტის. ჩვენ ესტონეთთან ყველა დონეზე გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ვიზიტი,” – დასძინა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო მოუთმენლად ელის ევროკავშირის გადაწყვეტილებას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
“უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ესტონეთის მხარდაჭერა არის მართლაც ძალიან დიდი. ვინაიდან ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა მთავრობამ ძალიან მოკლე დროში შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რომელიც იყო დაწესებული ევროკავშირის მხრიდან, გვაქვს დიდი იმედი, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური და რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას. ეს არის უპრეცედენტო აღიარება ჩვენი რეფორმების, ჩვენი სწორი მიმართულებით სვლის და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერის დემონსტრირება ჩვენი მოსახლეობისადმი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.