რა დარღვევებში ადანაშაულებენ ვანო ჩხარტიშვილის საქმეების მოსამართლეს – „ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“

მოსამართლე გიორგი სულაკაძეს, რომელიც ქართველი ბიზმესმენის – ვანო ჩხარტიშვილის სარჩელების უმრავლესობას განიხილავს, მოპასუხე მხარის ადვოკატები სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელენ. როგორც „კვირასთან“ საუბრისას კომპანიების: „ტრანსფორდისა“ და „პორტლენდის“ ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენლები კანონდარღვევასაც არ აერიდებიან, იმისათვის, რომ სარჩელი გიორგი სულაკაძესთან მოხვდეს. ერთ-ერთი სარჩელი ეხება „ფოთის წისქვილკომბინატს“, რომელიც მიმართულია „ტრანსფორდის“, „პორტლენდისა“ და „აგრიკომის“ წინააღმდეგ. კერძოდ, ვანო ჩხარტიშვილი „ფოთის წისქვილკომბინატის“ მესაკუთრეობას ედავება „თი-ბი-სი ბანკს“.

მეორე საქმე ეხება ჩხარტიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანიების: „ჯეესკოს“ და „პრომეტკოს“ სარჩელს, კომპანია „ტრანსფორდის“ და ფოთის საზღვაო ნავსადგურის წინააღმდეგ.9322baratashvili_soso_0002

ჩხარტიშვილთან დავაში მყოფი კომპანიების, შპს „პორტლენდისა“ და შპს „ტრანსფორდის“ ადვოკატი სოსო ბარათაშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მოსამართლე სულაკაძემ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება უგულებელყო, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულია. ადვოკატი განმარტავს, რომ ჩხარტიშვილს დაქვემდებარებული კომპანიების: შპს „ჯეესკოსა“ და კომპანია „პრომეტკოს“ სარჩელი ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და კომპანია „ტრანსფორდის“ წინააღმდეგ, რომელსაც იხილავს სულაკაძე, ფოთის საქალაქო სასამართლომ გააერთიანა და ფოთის საქალაქო სასამართლოს დაუქვემდებარა. მიუხედავად ამისა, ჩხარტიშვილის წარმომადგენლების სასარგებლოდ, მოსამართლე სულაკაძემ ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება უგულებელყო და საქმის დამოუკიდებლად განხილვას აგრძელებს.

ადვოკატებმა მისი აცილების საკითხიც დააყენეს, თუმცა გიორგი სულაკაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხს ღიად ტოვებდა და 26 ოქტომბერს დაუბრუნდებოდა. 26 ოქტომბერს მოსამართლემ სასამართლო სხდომა გააგრძელა და განაცხადა, რომ საქმეს ფოთში არ აგზავნის.

„ვანო ჩხარტიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფმა კომპანიებმა: „ჯეესკომ “ და კომპანია „პრომეტკომ“ ხელშეკრულების დარღვევასა და, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების თაობაზე ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და კომპანია „პორტლენდის“ წინააღმდეგ ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2012 წელს შეიტანეს. ეს საქმე განიხილა სამივე ინსტანციის სასამართლომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბატონი ჩხარტიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიების „ჯეესკოს“ და „პრომეტკოს“ სარჩელები.12200883_419744518231737_1657787878_n

ამის შემდეგომ ჩხარტიშვილის აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა საჩივარი შეიტანეს ფინანსურ პოლიციაში და განაცხადეს, რომ ის საექსპერტო დასკვნა, რომელიც ფოთის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად, იყო ყალბი.

ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება და უმოკლეს დროში გამომძიებელს ყოველგვარი ექსპერტიზის ჩატარების გარეშე გამოაქვს დადგენილება ჩხარტიშვილის მხარის სასარგებლოდ და ფინანსურ პოლიციაში უქმდება მტკიცებულება, რომელიც ჩვენს სიმართლეს ადასტურებდა. ამის შემდგომ ჩხარტიშვილის კომპანიებმა მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს სამი ინსტანციის მიერ „ტრანსფორდის“ და ფოთის საზღვაო პორტის სასარგებლოდ გამოტანილი უკვე ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება. ფოთის საქალაქო სასამართლომ მათი მოთხოვნები არ გაიზიარა, ამის შემდეგ „ჯეესკოს“ და კომპანია „პრომეტკოს“ წარმომადგენლებმა მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც გააუქმა ჩვენს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება და საქმე შემდგომი მსვლელობისთვის ფოთის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა. გასულ წელს „ჯეესკომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელიც განსახილველად გიორგი სულაკაძეს გადაეცა, მერე ისე მოხდა, რომ „ჯეესკოს“ სარჩელი დააზუსტა და კომპანია „პრომეტკოს“ სახელით ითხოვდა.

ბუნებრივია, მოსამართლეს სარჩელი საერთოდ არ უნდა მიეღო წარმოებაში. მიუხედავად ამისა, მოსამართლე გიორგი სულაკაძემ, საკუთარი განჩინებით, საქმეში სრულიად უკანონოდ შემოიყვანა „პრომეტკო“. მათი მიზანი იყო ის, რომ ეს საქმე გიორგი სულაკაძესთან მოხვედრილიყო და მას განეხილა. პარალელურად ფოთის საქალაქო სასამართლოდან შპს „ჯეესკომ“ და კომპანია „პრომეტკომ“ სარჩელი გაიხმეს, ხოლო ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეგებებული სარჩელი არ გაიხმო და ერთი საქმის განხილვა მიმდინარეობს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისე ფოთის საქალაქო სასამართლოში.
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიმდინარე წლის სექტემბერში ფოთის საქალაქო სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა ფოთისა და თბილისში მიმდინარე აღნიშნული საქმეების გაერთიანებაზე, 2015 წლის 29 სექტემბერს ფოთის საქალაქო სასამართლომ განჩინება გამოიტანა, რომლითაც ფოთის საქალაქო სასამართლოში და თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი სულაკაძის მიერ წარმოებული საქმეები გაერთიანდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს დაექვემდებარა. საქმეს ახალი ნომერი მიენიჭა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოქტომბერს გამართულ პროცესზე ფოთის საზღვაო ნავსადგურმა წარადგინა ფოთის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, მიუხედავად ამისა, მოსამართლე სულაკაძემ უარი განაცხადა საქმის ფოთის საქალაქო სასამართლოში გაგზავნაზე, რითაც მან კანონი დაარღვია. დაირღვა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლი – სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებისადმი დაუმორჩილებლობა, მოსამართლე გიორგი სულაკაძეს საერთოდ არ ჰქონდა იმისი უფლება, ემსჯელა, იყო თუ რა სწორი ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება, ის აგრძელებს უნომრო, დაურეგისტრირებელი საქმის განხილვას და აფერხებს ფოთის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, მართლმსაჯულებას ჯერ არ სმენია, რომ საქმის წარმოებას არ ჰქონდეს ნომერი და უნომრო საქმეს იხილავდეს მოსამართლე“, – აცხადებს სოსო ბარათაშვილი.
რაც შეეხება „ფოთის წისქვილკომბინატის“ საქმეს, ვანო ჩხარტიშვილი „ფოთის წისქვილკომბინატის“ (წისქვილქარხანა) მესაკუთრეობას ედავება „თი-ბი-სი ბანკს“, შპს „პორტლენდს“, შპს „ტრანსფერს“ და შპს „აგრიკომს“.
კონსტანტინე (კოკი) ოსიპოვის კუთვნილი, საქართველოში მარცვლეულის შემომტანი უმსხვილესი ფირმა „აგრიკომი“ „წისქვილქარხნის“ შეძენით დიდხანს იყო დაინტერესებული. მიმდინარეობდა მოლაპარაკებაც, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ვინაიდან ყიდვა-გაყიდვის ობიექტი იპოთეკით იყო დატვირთული „თი-ბი-სი ბანკში“, ვინაიდან მილიონერმა დამგირავებელმა ვალი, ვერ თუ არ გადაიხადა, 2010 წელს „აგრიკომმა“ დაახლოებით 2.8 მლიონ დოლარად ეს ობიექტი, როგორც უნაკლო ნივთი, შეიძინა ბანკისგან.
ჩხარტიშვილი მოპასუხეებისგან გაყიდული ობიექტის უკან დაბრუნებას და ანაზღაურებას ითხოვს. ანუ იმ თანხას, რაც შესაძლოა, მოგების სახით მიეღო „წისქვილქარხნის“ ფუნქციონირებისგან, ქარხანა მის საკუთრებაში რომ დაარჩენილიყო, სულ საუბარია 32 მილიონ დოლარზე.
„თი-ბი-სის“ მიერ აუქციონი ყველა კანონის დაცვითაა ჩატარებული.
არანაირი პრეტენზია არ შეიძლება არსებობდეს კომპანია „აგრიკომის“ მიმართ, ვინაიდან ის არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი შემძენი და სრულად აქვს თანხა, დაახლოებით 2 მილიონ 900 ათასი დოლარი გადახდილი.
იმ პერიოდში „წისქვილკომბინატი“ იყო წამგებიანი და არანაირი შემოსავალი არ გააჩნდა, წაგებაზე მუშაობდა, მყიდველმა ფირმამ კი მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა“,- აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

სოსო ბარათაშვილის თქმით, „ფოთის წისქვილკომბინატის“ საქმეზე თავად ჩხარტიშვილიც დაიკითხა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მოქმედებდა ორგანიზებული ჯგუფი ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით.
ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ჩხარტიშვილის განცხადება ვანო მერაბიშვილის თაობაზე, არ დასტურდება.

„ჩვენ სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დავაყენეთ, თუმცა სასამართლომ მერაბიშვილი დასაკითხ მოწმეთა სიიდან ამოიღო“,- აცხადებს ბარათაშვილი.
ბარათაშვილის განცხადებით, მოსამართლე გიორგი სულაკაძის ქმედების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით, უახლოეს დღეებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მთავარ პროკურატურას მიმართავენ.
ჩხარტიშვილის უფლებადამცველები მოსამართლე გიორგი სულაკაძის მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას ითხოვენ.
მიმდინარე დავებზე მომდევნო სასამართლო პროცესი 9-10 ნოემბერს გაიმართება.

http://kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები