ნოდარ ხადური ნორბერტ ფუნკეს შეხვდა

დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის (JVI) დირექტორს ნორბერტ ფუნკეს შეხვდა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სასწავლო კურსის ფარგლებში კურსის მონაწილეთათვის ლექციებს მართავს.
მხარეებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა გაიხსნა ის წლებიც, როდესაც მან თავად აიმაღლა კვალიფიკაცია ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში ფისკალური პოლიტიკის, მაკროეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის მიმართულებით. ნოდარ ხადურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა სავალუტო ფონდის სასწავლო პროგრამებში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ სასწავლო კურსის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და დაეხმარება საქართველოს ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს კადრების პროფესიული გადამზადება / კვალიფიკაციის ამაღლება და რეფორმების გაზიარება. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა შესაძლებლობა რომელსაც JVI-ი, ონლაინ კურსების სახით, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულებს სთავაზობს.
ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტის დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და მზადყოფნა გამოთქვა, გაგრძელდეს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა დაინტერესებულ საჯარო უწყებებთან, რათა კვლავ გაგრძელდეს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, მოხდეს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი სასწავლო პროგრამების გაცნობა და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები