C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მრჩეველთა ჯგუფმა შეაფასა

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობა განიხილა. ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგები და მიღწევები, ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგები შეაფასა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კრიტერიუმებით საქართველო ითვლება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად. ინფიცირებულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია მომატებული რისკის მქონე პოპულაციებში.
2015 წლის აპრილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წამოიწყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. პროგრამის საწყისი ფაზა ითვალისწინებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის სერვისებსა და უფასო მკურნალობაზე წვდომის უზრუნველყოფას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთათვის. მკურნალობა ხორციელდება უახლესი გენერაციის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატით (სოფოსბუვირი), რომლითაც მკურნალობა უკვე დაიწყო 4 ათასზე მეტმა ადამიანმა. ამჟამად მუშავდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმა (2016-2020), რომელიც მოიცავს ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სპეციფიკურ ამოცანებსა და აქტივობებს.
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო პარტნიორები ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციას გაუწევენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის დანერგვის, მონიტორინგის, პრევენციისა და კონტროლის კუთხით. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფმა განიხილა C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა, ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგები და მიღწევები, ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგები, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში არსებული გამოწვევები. ჯგუფი შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობა კვალიფიციურ გამოცდილებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები