ვლადიმერ ძნელაძე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით მოსახლეობის წინაშე წარდგა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-მრეწველები“ თავმჯდომარემ, დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ძნელაძემ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში განსხვავებული ფორმატით წარუდგინა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა რაიონის მოსახლეობასთან ერთად უკვე დასრულებული და მიმდინარე პროექტების მონიტორინგი განახორციელა და დიდუბის მოსახლეობასთან ერთად აბასთუმანის, ვედოშვილის, წინამძღვრიშვილის, წერეთლისა და სხვა ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
ვლადიმერ ძნელაძემ მოსახლეობას ფრაქციის „ქართული ოცნება-მრეწეველები“ მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიში გააცნო და აღნიშნა, რომ ფრაქცია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თბილისის ბიუჯეტით განსაზრული პრიორიტეტების შესრულების მიმდინარეობა, მოქალაქეთა სოაციალური საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის გზების დასახვა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფრაქციამ მხარი დაუჭირა შესაბამისი რაიონის ტერიტორიაზე უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესებას. ასევე სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მოქალაქეთათვის დახმარების წესის გამარტივებას. მისივე თქმით, ფრაქციამ აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და აღრიცხვის წესში შესატანი ცვლილებები განიხილა. ლადო ძნელაძის განმარტებით, აღნიშნული წესის თანახმად, ამხანაგობების პროცენტული მონაწილეობა სხვადასხვა პუნქტში 25%-დან 5%-მდე კლებულობს, რაც მოსახლეობას მიმდინარე პროგრამაში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
ანგარიშის წარდგენისას, მაჟორიტარმა დეპუტატმა ვრცლად ისაუბრა სამაჟორიტარო საქმიანობის შესახებ. მისი განცხადებით, დეპუტატის ბიურო, რომელმაც ფუნქციონირება 2014 წლის აგვისტოში დაიწყო, მოქალაქეთა მიღებას ყოველდღიურად აწარმოებს. ძნელაძე ყოველ ოთხშაბათს პირადად ხვდება მოქალაქეებს, ისმენს მათ საჭიროებებს, ეცნობა მათ მიერ მოწოდებულ დოკუმეტაციას და შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სტრუქტურებს გადასცემს.
დეპუტატი მოქალაქეებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც იღებს. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, ბიურომ 1000-მდე მოქალაქის განცხადება განიხილა. ზეპირი კონსულტაცია გაეწია 100-მდე, ხოლო რაიონში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის დროს, ადგილზე შეხვდა 1500-მდე მოქალაქეს.
ვლადიმერ ძნელაძემ უწყებათშორის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. მისივე თქმით, სხვადასხვა პროცესებში ჩართულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ბიურო აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც. დეპუტატმა მოსახლეობას დეტალურად წარუდგინა განხორციელებული პროექტების ნუსხა, რომელთა გადაჭრის უმთავრეს პირობად საბიუჯეტო სახსრების სწორად განკარგვა და დაგეგმილი სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება დაასახელა. როგორც ვლადიმერ ძნელაძემ აღნიშნა, დეპუტატის სამაჟორიტარო ოლქი დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონის მცირე ნაწილს მოიცავს და ბიუჯეტით განსაზღვრული ყველა პროექტი დეპუტატისა და რაიონის გამგებლების კოორდინებული მუშაობის შედეგად ხორციელდება.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს დიდუბის რაიონში გზების რეაბილიტაცია 32, საკანალიზაციო და წყალმომარაგების ქსელების მონტაჟი 40, ხოლო არსებული სკვერებისა და სპორტული მოედნების აღდგენა 15 და 7 მისამართზე განხორციელდა. ასევე შეკეთდა და მოეწყო ქუჩების დამაკავშირებელი კიბეები და უსაფრთხოების მოაჯირები, მოეწყო ახალი სკვერები, სპორტული მოედნები და ახალი ბილიკები. გაზიფიცირდა დევნილებით კომპაქტურად დასახლებული ორი კორპუსი და სხვადასხვა ქუჩებზე ელექტროენერგიით უზრუნველყოფილ იქნა 57 ოჯახი. როგორც ვლადიმერ ძნელაძემ ანგარიშში აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს თევდორე მღვდლის ქუჩის მთლიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სადაც უკვე გამოიცვალა საკანალიზაციო ქსელი და დაიწყო ასფალტის საფარის დაგება. მისივე განცხადებით, დიდუბის რაიონში მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშოები და უახლოეს მომავალში კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი შენობის აღდგენა- რესტავრაციაა დაგეგმილი.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, დეპუტატის შუამდგომლობით დაკმაყოფილდა შემდეგი სახის განცხადებები: სამედიცინო მომსახურების/მედიკამენტების დაფინანსება, რეკომენდაცია დასაქმების/სამსახურში აღდგენის თაობაზე, კეთილმოწყობის სამუშაოები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება/აღდგენა, საცხოვრებელი ფართის/ბინის ქირით უზრუნველყოფა, მიწის ლეგალიზება, კომუნალური დავალიანების ჩამოწერა/განწილვადება, სწავლის დაფინასება და სხვა. აღსანიშნავია, მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივა, რომლის თანახმადაც, უფასო სასადილოებში მენეჯმენტის განხორციელების ვადა ერთიდან სამ წლამდე გაიზარდა. მისივე ინიციატივითა და შუამდგომლობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა დიდუბის რაიონში არსებულ ექვსს საბავშვო ბაგა-ბაღს და მიმდინარეობს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა.
ვლადიმერ ძნელაძემ მის სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუროს ინიციატივით, ფუნქციონირება დაიწყო ბავშვთა საფეხბურთო კლუბმა „დიდუბე 2014“-მა, რომელმაც სპორტულ ასპარეზზე საქართველოს მასშტაბით დიდ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, კლუბის ანგარიშზე 45 ჩატარებული თამაშიდან 42 მოგება ირიცხება. „დიდუბე 2014“-ში 92 მოზარდია და დეპუტატის ინიციატივით აღნიშნული სექცია თავისუფალია გადასახადისგან.
განათლების მიმართულებით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო საერთაშორისო ორგანიზაცია „PH International“-თან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობს და სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება გეგმავს.
ასევე, ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯთან“ ერთად მოამზადა საპროექტო განაცხადი, რომელიც მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე 18 წლის ზემოთ პირების სარეაბილიტაციო კურსის შექმნას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე ვლადიმერ ძნელაძემ დიდუბის რაიონში არსებულ ორგანიზაციასთან „ბავშვი და გარემო“ მჭიდრო კომუნიკაციაზე ისაუბრა, რომელსაც დეპუტატის ბიურო სხვადასხვა სახის აქტივობებით ხშირად უწევს დახმარებას. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინოვაციური პროექტი „გარემო ბავშვებისათვის“ ხორციელდება, რომელიც შშმ ბავშვებისათვის ინტეგრირებული ატრაქციონების მოწყობასა და შესაბამისი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტის მხარდასაჭერად, დეპუტატისა და დიდუბის გამგეობის ინიციატივით, ატრაქციონების განსათავსებლად საჭირო ტერიტორია მომზადდა, ასევე დაიგო გზის საფარი და კეთილმოეწყო სპორტული მოედანი. წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ დიდუბის რაიონში სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, ჯერ კიდევ ბევრი პროექტია განსახორციელებელი. დიდუბელებზე ზრუნვა ჩემი უპირველესი ამოცანაა და მომავალშიც ვაპირებ, რომ შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის საფუძველზე დროული და თანამიმდევრული ნაბიჯები გადაიდგას. აღნიშნულს კი, მოქალაქეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით განვახორციელებთ, რაც მათთვის მუნიციპალური ვალდებულებების აღსრულების პროცესის გარანტი იქნება“, -განაცხადა ვლადიმერ ძნელაძემ. შეხვედრას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, ასევე საკრებულოსა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები