86 წელი – რას ნანობს რეჟისორი გივი სარჩიმელიძე და რას უკავშირდება მისი მორიგი ოცნება

ნახევარ საუკუნეზე მეტი – ცხოვრების ისტორია თეატრში. გივი სარჩიმელიძე რამდენიმე დღის წინ (26 ოქტომბერს) 86 წლის გახდა. რაზე ოცნებობს რეჟისორი და როგორ მოხვდა თოჯინების ჯადოსნურ სამყაროში….

– 26 ოქტომბერს, 86 წლის გავხდი. მეპარება დრო, რაღა დამრჩა არ ვიცი და ამას ვგრძნობ კარგად, რომ ამოვწურე რეზერვები… ასე არის… წავიდა ოთარ მეღვინეთუხუცესი, წავიდა გურამი, მიდის ეს ხალხი ამიტომ რიგში ვარ….12194060_1158290587532881_818618625_o
….საქმეს, რომელსაც ხელი მოვკიდე სამართლიანობას ემსახურება. ისევე, როგორც თეატრში, მაგალითად „ჰამლეტი“, ეს არის სიმართლის გამოძიება, რომელსაც უამრავი ადამიანი ეწირება. ასე ხდება ჩვენს ცხოვრებაშიც, ეს არის ურთულესი გზა, რომელიც უნდა გაიარო…
ახლა გითხრათ, მე როგორ მოვხვდი ამ საქმეში. მამაჩემი იყო მსახიობი. ჩვენ ვცხოვრობდით და დღემდე აქ ვარ, ოპერის უკან. ეს არის ორ თეატრს შორის სახლი, ეგრეთ წოდებული თეატრალური შესახვევი. საოცარი სახელი ჰქონდა ამ შესახვევს, ძალიან უხდებოდა. დედაჩემი იყო ბალერინა. სწავლობდა და მუშაობდა ვახტანგ ჭაბუკიანის დროს. თუმცა, გათხოვების შემდეგ ბალეტს თავი დაანება. ჩემს გარემოცვაში იყვნენ ზურაბ ანჯაფარიძე, ლევ ვლასენკო… ერთ ეზოში ვცხოვრობდით, უამრავი ბავშვი ვიყავით, ვინც თეატრით იყო დაინტერესებული. მაშინ ტელევიზია არ იყო. მამაჩემი თეატრში მუშაობდა და ამიტომ მოჰქონდა ხოლმე რეკვიზიტები. ჩვენ ამ რეკვიზიტებით ვთამაშობდით და ვდგამდით სპექტაკლებს. სიმართლე გითხრათ, თავიდან მინდოდა  მეხანძრე ვყოფილიყავი, მერე – ორთქმავლის მძღოლი… მინდოდა ვყოფილიყავი გემზე შტურმანი. ბოლოს  კი თეატრალურ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი. მამაჩემმა მიმიყვანა ხორავასთან და უთხრა: აკაკი, ჩემს შვილს უნდა თეატრში მუშაობაო.12197031_1158290584199548_1211657755_o
მერე რა, რომ უნდა, მეც მინდა ცეკვაო“, მაგრამ მერე ყველას მოვეწონე. ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი და ასე მოვხვდი სარეჟისორო ფაკულტეტზე.
– რატომ რეჟისორი?…
– ეს იცი, რომელი წელი იყო? ომის მერე, 1946 წელი. იმის მერე ვარ ამ სფეროში. უამრავმა ბავშვმა გაიარა ჩემს ხელში და მეც დიდი სკოლა გავიარე. ასე მგონია, მაქვს ჩემი სწავლების მეთოდი. ბევრი მიმუშავია ბათუმში ხელოვნების ინსტიტუტში, თეატრი ჩამოვაყალიბე… უკვე ძალიან ბევრი გამოვიარე…
– თოჯინების თეატრი…
– ჩემი კარიერა ძალიან მძიმედ მიდიოდა. თეატრალურ ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, მერე ასისტენტად დავიწყე მუშაობა. მამაჩემი არასოდეს ჩარეულა და მისი მადლიერი ვარ, რომ არ გამიადვილა თავის დამკვიდრება თეატრალურ სფეროში. მისი მხარდაჭერა არ მქონია.
თოჯინებში როგორ მოვხვდი? ბავშვობიდან ვხატავდი. ლექციის დროს, მოსმენისას ხელები არ მიჩერდებოდა, ვძერწავდი ხოლმე – ხან პედაგოგებს, ხან ჩემს ამხანაგებს. ჩვენთან ხშირად ტარდებოდა ღონისძიებები და მეც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვმონაწილეობდი. ინსტიტუტის დამთავრებისას პედაგოგებმა მითხრეს: „გივი, იქნებ წახვიდე“, მსოფლიოში მაშინდელი ცნობილი რეჟისორის, სერგეი ვლადიმიროვიჩ ობრაზცოვის თეატრში. მე ამ დროს ვიყავი შეყვარებული, ეს იყო ჩემი მომავალი მეუღლე – ნანი კარიჭაშვილი. ვიფიქრე, რომ წავიდე, არ გამითხოვდეს-მეთქი და დავრჩი… ახლა ვფიქრობ, რომ სისულელე გავაკეთე. ასე დავრჩი და თოჯინებმა მაინც არ დამტოვეს…
– თოჯინები… 12197238_1158290597532880_3781595_o
– თოჯინების თეატრი ჩემთვის  ძალიან დიდი რამ არის. მე ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი ამ სამყაროში. იმიტომ რომ ურთულესია – იგივე გააკეთო, რასაც აკეთებ დრამაში, მაგრამ უფრო ღრმად უნდა იცოდე ეს ყველაფერი. უნდა გქონდეს იმდენი ენერგია , რომ გააცოცხლო არაცოცხალი მატერია. თოჯინა ხომ არაფერი არ არის, აბსოლუტურად არაფერი, მხოლოდ ქსოვილი… და შენ თუ შეძლებ, გააცოცხლო ის, შენს წარმოსახვაში და ისე გაცოცხლდეს, რომ სხვასაც დაანახვო და დააჯერო – ეს არის თოჯინა. მე ამით ბედნიერი ვარ. ამის დამსახურებით ჩემს პროფესიაში უფრო სიღრმეში შევედი. ამით გავიცანი ძალიან დიდი საინტერესო სამყარო, მთელი მსოფლიო.
– თქვენს ოჯახზე მომიყევით…12204106_1158290590866214_1689133006_o
– უმცროსი შვილი, ნინო საფრანგეთში ცხოვრობს, პროფესიით რეჟისორია. თუმცა, ამჟამად იქ არ მუშაობს. ყოველ წელს ჩამოდის თბილისში, მისგან მყავს შვილიშვილი, რომელიც შეყვარებულია საქართველოზე. ბავშვმა ქართულად ენა ამოიდგა. უფროსი ქალიშვილი თამარი არის მხატვარი. ჩემი მეორე შვილიშვილი ჯერჯერობით სწავლობს.
– სურვილი, რომელიც დღემდე გულში გაქვთ…
– ბევრი მინდა კიდევ გავაკეთო. სათქმელი კიდევ დამრჩა, რომელიც გულში მაქვს. მინდა, რომ მქონდეს იმდენი ძალა, ქუთაისში, დრამაში მივიდე და სპექტაკლი დავდგა. ჩანაფიქრი ასეთი მაქვს, იმ თეატრში რამდენმა მსახიობმა, თაობამ გაიარა, ერთხელ არ დადგმულა სპექტაკლი, რომელიც მიეძღვნება ამ ადამიანებს, რომლებიც ამ თეატრში ცხოვრობდნენ. არის ასეთი იაპონური პიესა „საფლავის ქვა“, თემა – რეინკარნაციასთან დაკავშირებული. ამის გამო მინდა სწორედ, ასე მგონია, თითქოს მათი სულები დღემდე ცხოვრობენ, რომ ეს ხალხი დღემდე იქ რჩება. წარმოიდგინეთ ეს სპექტაკლი რეკვიემის სახით.12204258_1158290600866213_1840298786_o
ასე მგონია ახლა უფრო ჭკვიანი გავხდი, ვიდრე აქამდე ვიყავი. თეატრი რა არის, იცით? პირველი პრინციპი ეს არის სინამდვილე, დამატებული კიდევ აუცილებლად ფანტაზია, გაფრენა, ფაქტი შერეული ფანტაზიასთან. მეორე პუნქტი – არის ის, რაც ცხოვრებაში მიუღებელი, უზნეოა, თეატრში თურმე მიღებულია. მაყურებელი სიამოვნებით უყურებს, როგორ ხოცავენ სცენაზე გმირები ერთმანეთს და მერე იცით, რა? – ტაშს უკრავენ… და კიდევ მესამე, მიუხედავად ამისა, რომ თეატრში უზნეო ამბები ხდება, ყოველი სპექტაკლი არის დღესასწაული…
– რა გადასცა სტუდენტებს გივი სარჩიმელიძემ?..
– სხვადასხვა… ზოგ შემთხვევაში, ვგრძნობ, კონტაქტი მაქვს სტუდენტთან, რომ მას ესმის, რას ვეუბნები და ზოგს აბსოლუტურად არ ესმის. ალბათ ბევრს ჰქონდა მომენტი – რომ მოხუცია…
სანამ სიბერე მოვა, უნდა გაიარო წამების საფეხურები. ასე არ არის, მოვხუცდი და მე ბედნიერი მოხუცი ვარ. თუ გინდა, რომ შენს პროფესიას დაეუფლო, მაშინ დაგჭირდება შეჯახება, წამება… და თუ პროფესიონალი ხარ, უნდა ეწამო. რამდენად გავიარე ეს პროცესი არ ვიცი, თვითონ მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს…

ნინო ჯაჯანიძე

12204634_1158290577532882_129893906_n

12211208_1158290594199547_443457573_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები