რას ყვება სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრი ლაფანყურზე – სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები შეტაკების ადგილას არ დაღუპულან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი თეიმურაზ გვარაძე ლაფანყურის სპეცოპერაციაზე სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს.
ექსპრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი ამჟამად სასჯელს ძროხის ქურდობისთვის იხდის, თუმცა ის წინა ხელისუფლებამ დეზერტირობისთვისაც გაასამართლა.
პატიმარ თეიმურაზ გვარაძის წერილი “პრაიმტაიმს” “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლებმა გადასცეს.
წერილიდან ირკვევა, რომ გვარაძე პირველად 2008 წელს დააკავეს და აწამეს.
პატიმარი აცხადებს, რომ ის პროფესიონალი სნაიპერია და ერთ დროს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირად დაცვაში მუშაობდა. 2012 წლის აგვისტოში კი პატიმრობიდან დროებით გაათავისუფლეს, რათა მონაწილეობა მიეღო ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში. „ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტებთან საუბრისას პატიმარმა განაცხადა, რომ ის იყო ზურაბ ჟვანიასა და გია არსენიშვილის ინიციატივით შექმნილი გასაიდუმლოებული დივიზიონის წევრი. 2004 წლიდან კი – საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვის შემადგენლობაში ირიცხებოდა.
მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე წავიდა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ამის გამო, როგორც პატიმარი აცხადებს, „მოდულის” შენობაში მიიყვანეს და სასტიკად აწამეს, მოგვიანებით კი ოფიციალურად დააკავეს და დეზერტირობის ბრალდებით გაასამართლეს.
„2008 წლის 8 აგვისტოს მივმართე პრეზიდენტს თხოვნით, ცხინვალში ჩემს გაშვებაზე მეგობარ ჯარისკაცებთან, რაზეც არ დამთანხმდა. მითხრა, ეს ომი შენი არ არისო. მე არ დავემორჩილე ბრძანებას, რადგან 16 წელია, ვარ ჩემი ქვეყნის სამსახურში, თავი ჩავთვალე ვალდებულად, წავსულიყავი მეგობრებთან დასახმარებლად. ცხინვალში მოვახდინე 16 რუსი სნაიპერის ლიკვიდაცია, 16-ვე სნაიპერის პირადი ჟეტონი მოვიპოვე და როდესაც ვბრუნდებოდი, რამდენიმე დაჭრილი წამოვიყვანე და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიყვანე. იქ მისვლისთანავე დამხვდა სპეცდანიშნულების რაზმის 4 თანამშრომელი. მითხრეს, რომ პრეზიდენტს უნდოდა ჩემი ნახვა, წამომიყვანეს შავი ფერის პიკაპით. თბილისში „მოდულის” შენობაში ჩამომართვეს იარაღი, პირადი აღჭურვილობა, მართვის მოწმობა და სამხედრო ბილეთი. ახსნა-განმარტების ჩამორთმევისას ადგილი ჰქონდა ჩემს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც ესწრებოდა რამდენიმე თანამდებობის პირი. ცეცხლსასროლი იარაღით დამიხვრიტეს ხელისა და ფეხის მტევნები. 9 აგვისტოს, დაახლოებით 15 საათზე გამათავისუფლეს, დავბრუნდი ჩემს ოჯახში. 2008 წლის 25 დეკემბერს დამაკავა თელავის პოლიციის უფროსმა შოთა ბეჟანიშვილმა და გადამცეს ძველი თბილისის სამმართველოს”, – წერს გვარაძე.
გვარაძეს დეზერტირობის ბრალდებით 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, 2012 წლის ზაფხულში კი მას საპატიმროში ესტუმრა რამდენიმე პიროვნება, რომლებმაც განუმარტეს, რომ პანკისის ხეობაში რამდენიმე ტერორისტს სამი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი და თან ჰქონდა საბრძოლო იარაღი დაღესტნის მოქალაქეებისთვის გადასაცემად. გვარაძე აცხადებს, რომ მას სპეცოპერაციაში მონაწილეობა სთხოვეს, კერძოდ – ორმხრივი სროლის დროს ტერორისტების ლიკვიდაცია დაავალეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კი დაწესებულებაში დააბრუნეს.
თეიმურაზ გვარაძე ამბობს, რომ ის უშუალოდ მონაწილეობდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში და როგორც თვითმხილველს, შეუძლია, გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს.
გვარაძე ამტკიცებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები – სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი შეტაკების ადგილას არ დაღუპულან, რაც ეწინააღმდეგება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას. 2012 წლის 15 ნოემბერს თეიმურაზ გვარაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მისი თქმით, გათავისუფლების შემდეგ ის მუდმივ ზეწოლას განიცდიდა, ვინაიდან ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას და გარკვეული პირებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 2013 წლის მაისში თეიმურაზ გვარაძე ხელმეორედ დააკავეს და ძროხის ქურდობაში დასდეს ბრალი. როგორც თავად აცხადებს, მისგან წამების გამოყენებით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ აღიარება დანაშაულისა, რომელიც არ ჩაუდენია. სასამართლომ 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები