თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი ჯარისკაცებისთვის წერილები მოამზადეს

პროექტის – „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში მორიგი ღონისძიება გაიმართა. თბილისის 45-ე საჯარო სკოლის II და III კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სახელზე წერილები მოამზადეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში უფროსი ქართველი სამხედრო წარმომადგენლის, პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძის შვილები: კესარია და ლაშა, სწორედ, ამ კლასებში სწავლობენ.
ბავშვებმა წერილები კესარიას და ლაშას მამის თანამებრძოლებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრებს გადასცეს. სამხედროებმა ბავშვებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართველი ჯარისკაცების როლზე ესაუბრნენ.
პატარებმა სამხედროებს სკოლაში სათამაშოების დიდი შეკვრაც დაახვედრეს. ბავშვებმა სათამაშოები ავღანელი თანატოლებისთვის შეაგროვეს და ოფიცრებს გზავნილის მათთვის გადაცემა სთხოვეს. ამჯერად ავღანეთში ქართველი სამშვიდობოებისთვის წერილები თბილისის ქართულ-გერმანული სკოლის „A-Z“-ისა და ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებმაც დაწერეს.
„წერილი ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სწერენ. საპასუხო წერილებს ბავშვებს ჯარისკაცებიც უგზავნიან. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები