თეა წულუკიანი: სააკაშვილი მზადაა და არ მოერიდება, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლის ღვრას
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმა პეტრო პოროშენკოს წერილი გაუგზავნა ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არ მოერიდება, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლის ღვრას, ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინონ.
„მისი მიდგომა არის ძალადობისკენ, მისი მიდგომა არის იქითკენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები ოღონდაც კი გაზარდონ, ნაციონალური მოძრაობა მისი ხელმძღვანელობით მზადაც არის და არ მოერიდება, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლის ღვრას, ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ხელმძღვანელობამ რეაგირება უნდა გააკეთოს. რა იქნება რეაგირება ამის მრჩევლად ჩვენ ვერ გამოვდგებით, რადგან უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. წულუკიანის თქმით, საქართველოში დესტაბილიზაცია ვერ მოხდება, გააგრძელებს განვითარებას და ხელისუფლებებს არჩევნების გზით შეცვლის.