2008 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ჩუქების წესით 21 432 456,94 ლარის ქონება გადაეცა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა. ორგანიზაციამ გამოიკვლია, რა პროცესები მიმდინარეობდა სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურაში და მოიძია ინფორმაცია 2008 წლის აგვისტომდე და მის შემდეგ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების შესახებ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2008 წლის განმავლობაში სახელმწიფოს იურიდიული პირებისგან ჩუქების წესით გადაეცა 21 432 456,94 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება. მათი უდიდესი ნაწილი, 18 754 451,80 ლარის ქონება – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. ფინანსთა სამინისტრომ 25 922,44 ლარის ქონება მიიღო, განათლების სამინისტრომ – 13 632,24 ლარის, თავდაცვის სამინისტრომ – 85 000 ლარის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ – 2 275 444 ლარის, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს 278 726,45 ლარის ქონება გადაეცა.
2008 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით უსასყიდლოდ გადაცემული იქნა 4 773 438,66 ლარის და 1 214 868 აშშ დოლარის ქონება. აქედან 4 171 677,05 ლარის და 902 643 აშშ დოლარის ღირებულების ქონებას 142 ერთეული ავტომანქანა წარმოადგენდა.
ავტომანქანების უდიდესი ნაწილის მჩუქებელი კომპანია „გუდვილია“. აღნიშნულმა კომპანიამ 2008 წლის 12 ნოემბერს 49 ერთეული ავტომანქანა გადასცა უსასყიდლოდ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელთა საერთო ღირებულებამ 1 675 717 ლარი შეადგინა. ამავე სამინისტროს 31 ერთეული ავტომანქანა „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“-ც გადასცა. მათ შორის 1 ერთეული, 86 098,45 ლარის ღირებულებით – 6 ნოემბერს, ხოლო 30 ერთეული, 1 039 104 ლარის ღირებულების – 4 დეკემბერს. 26 სექტემბერს 21 ერთეული ავტომენქანა გადაეცა სამინისტროს შპს „დიონისე გ.ს.“-სგან, რომლთა საერთო ღირებულება 506 100 აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე კომპანიამ 4 დეკემბერს კიდევ 1 ერთეული 65 500 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანა გააჩუქა. დღევანდელი მონაცემებით, აღნიშნული კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელი უცხოური ორგანიზაცია „სარნია ჰოლდინგ & ფაინენს ბი.ვი“, ხოლო 20%-ის ფიზიკური პირი, თინათინ სვანიძეა.
ერთ-ერთი მსხვილი მჩუქებელია შპს „ერთგულება“. კომპანიამ 17 ოქტომბერს 12 ერთეული ავტომანქანა უსასყიდლოდ გადასცა სამინისტროს, რომელთა ღირებულება 415 197,80 ლარს შეადგენდა.
კვლევის მიმდინარეობისას სხვა კომპანიებიც გამოიკვეთნენ, რომელთაც შედარებით მცირე ოდენობის ავტომანქანები აქვთ უსასყიდლოდ გადაცემული.