საქართველოსა და ყაზახეთს შორის შეთანხება გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების კონფერენციის დახურვას დაესწრო. ნოდარ ხადურმა მადლობა გადაუხადა მსო-ს გენერალურ მდივანს კუნიო მიკურიას და მსო-ს ევროპის რეგიონის ვიცე-თავმჯდომარეს აიდინ ალიევს კონფერენციის ორგანიზებაში დახმარებისთვის.
„მოხარული ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა ერთმანეთის გამოცდილება, თუ როგორ უნდა გავხადოთ საბაჟო უფრო მოქნილი, ეფექტიანი და ბიზნესისათვის უფრო მეტად მხარდამჭერი სახელმწიფო სტრუქტურა,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა განსაზღვრეს ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია და პრიორიტეტები, ასევე დაამტკიცეს 2014 წელს ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა.
2015 წელს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების კონფერენციის ადგილად მონაწილეებმა პოლონეთი დაასახელეს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, საქართველოს დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს აღნიშნული კონფერენციის მუშაობაში, ისევე როგორც ქართული მხარე დაესწრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც 2014 წელს ასევე პოლონეთში იმართება.
„როგორც ცნობილია, 2015 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უკვე საქართველო უმასპინძლებს. პოლონეთში, კოლეგებისგან მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება თბილისში მომავალ წელს ორგანიზება გავუწიოთ მაღალი დონის კონფერენციას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. კონფერენციის ფარგლებში, საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები