გოგი თოფაძე: მარგველაშვილს საქართველოსთვის სამარცხვინო ფაქტების გამართლება უნდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტ მარგველაშვილს სასამართლოზე ზეწოლაში დასდო ბრალი.
როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ სასამართლო უზენაესია და გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თოფაძე პრეზიდენტს „რუსთავი 2“- ის მეპატრონისთვის წართმევის ფაქტს ახსენებს და მას ობიექტურობას სთხოვს.
„მრეწველების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი სამარცხვინო ფაქტების გამართლებას ცდილობს.
„განცხადება, რაც პრეზიდენტმა „რუსთავი 2“- ის საქმეზე გააკეთა, ზეწოლაა. პრეზიდენტია და უნდა იცოდეს, რომ სასამართლო უზენაესია და გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. პრეზიდენტი ვალდებულია, ობიექტური იყოს მოვლენების შეფასებაში, რასაც ბოლო ხანებში ვერ ვხედავთ. მას გარკვეული მიმართულება უჭირავს და საქართველოსთვის სამარცხვინო ფაქტების გამართლება უნდა. კადრები, რომლებიც გავრცელდა, ბევრ ჩვენს ოპონენტს ჰქონდა, ნიურნბერგის პროცესის შემდეგ დღემდე უჩვენებენ კადრებს, თუ როგორ ხვრეტდნენ, როგორ ხოცავდნენ გაზის კამერებში… ეს ყველაფერი ისტორიაა. ძალიან ცდილობს „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენები თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეაფასოს. ქიბარ ხალვაში ამ ტელევიზიის სერიოზული წილის მფლობელი იყო, მას ის წაართვეს და გააგდეს. ამ არხის მეპატრონე დააყაჩაღეს. დღეს მან თავის ქონებაზე პრეტენზია განაცხადა და საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო“,- განაცხდა გოგი თოფაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტთან მიმდინარე კონსულტაციებს, დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ აღნიშნულ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიიღეს.
„ჯერ დავინახოთ, რომ პრეზიდენტი ობიექტურია, არ მოქმედებს ვიღაცის კარნახით და ზრუნავს საქართველოს მომავალზე, მაშინ მასთან სიამოვნებით გვექნება დიალოგი“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
თოფაძემ მარგველაშვილს მადლიერების გრძნობაც დაუწუნა. „პრეზიდენტობაზე 100 კანდიდატი რომ ყოფილიყო, 99 ვერ გახდებოდა, ის მადლიერი უნდა იყოს იმის, ვინც გაიყვანა“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.