რუსეთის ფედერაციასთან მიერთებას დნესტრისპირეთიც ითხოვს
დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სპიკერმა მიხეილ ბურლამ რუსეთის სათათბიროს სპიკერს სერგეი ნარიშკინს წერილობით მიმართა, სადაც ითხოვს ,რომ რუსეთის კანონმდებლობაში გაითვალისწინონ შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, დნესტრისპირეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას შეძლებს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული მიმართვა იმ კანონპროექტის გამოძახილია, რომელიც რუსეთთან გამარტივებული წესით ახალი სუბიექტების, მათ შორის ყირიმის მიერთებას გულისხმობს. ამასთან, როგორც რუსეთის სათათბიროს სპიკერმა ბურლამ აღნიშნა, ეს კანონპროექტი მხოლოდ ყირიმის მიერთების შესაძლებლობას იძლევა, დნესტრისპირეთის კი – არა. მიხეილ ბურლა აღნიშნავს, რომ დნესტრისპირეთში ვითარება მას შემდეგ შეიძლება გართულდეს, რაც მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. დნესტრისპირეთის რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი 2006 წელს გაიმართა. რეფერენდუმის მონაწილეთა 97,2%-მა რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი ხმა. დნესტრისპირეთში რუსეთის 200 000 მოქალაქე ცხოვრობს და სახელმწიფო ენადაც რუსულია გამოცხადებული.