31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან საქართველოში სრული შემადგენლობით უდანაკარგოდ დაბრუნდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჯარისკაცებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები დახვდნენ.
გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ასეულმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე გამოავლინა და მათი გამოცდილების თითოეული წამი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად იქნება გამოყენებული.
„სასიხარულოა, რომ ეს უკვე როტაციის ბოლო კომპონენტია და ეს ის ასეულია, რომელმაც ამოცანის შესრულების დროს კარგად წარმოაჩინა თავი. აღსანიშნავია ასევე, რომ მეთაური აფხაზეთიდანაა, გალიდან და შეიარაღებულ ძალებში მთელი გულით მსახურობს. ასეულმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე და მოტივაცია გამოავლინა. მათი გამოცდილების თითოეული წამი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა კაპანაძემ.
უწყების ცნობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში 31-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა მასზე დაკისრებული მოვალეობას, აშშ-ს სარდლობის ხელმძღვანელობით, ქაბულის სამხედრო ბაზაზე შეასრულა. მისიის ფარგლებში, ქართველი ჯარისკაცები, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სრული სპექტრის სამხედრო ოპერაციებს განახორციელეს. ასეულის მთავარი ამოცანა ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ბაზის შიდა პერიმეტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. შეგახსენებთ, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში მისიის შესასრულებლად, როტაციის წესით, მიმდინარე წლის მარტში გაემგზავრნენ. ქაბულში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.