თამაზ მეჭიაური განცხადებას ავრცელებს – არც ერთი ჩემი განცხადებისა და გამონათქვამის უარყოფა არასოდეს მიცდია
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მედიაში გავრცელებულ მის განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“მინდა გამოვეხმაურო, 22 ოქტომბერს, რიგი საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც, თითქოს მე, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განვაცხადე, ვციტირებ: “რუსთავი 2”-ის მოვლენები ჩაწყნარდება და პრეზიდენტსაც მოვუვლით “ოცნება”.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსგავს განცხადებას ჩემი მხრიდან არც მედიასაშუალებებთან და არც პრივატულ საუბრებში ადგილი არ ჰქონია. მედიის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ამის შესახებ განმარტებები გუშინ და დღეს თითქმის ყველა ტელეკომპანიასთან გავაკეთე, რაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ტელეეთერებში არ მოხვდა. უფრო მეტიც, ზოგიერთი ტელეკომპანია ისევ აგრძელებს დეზინფორმაციის ტირაჟირებას.
პატივს ვცემ სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, მაგრამ არსებობს ჟურნალისტური ეთიკა და, ვფიქრობ, მინიმუმ უხერხულია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და არარსებულის უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოჩენა. აქვე აღვნიშნავ, რომ არცერთი ჩემი განცხადებისა და გამონათქვამის უარყოფა არასოდეს გამიკეთებია და არც ჟურნალისტებს შექმნიათ ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა. ჩემი პოზიცია, პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით, უცვლელია. პრეზიდენტის განცხადება შეიცავს სასამართლოზე ზეწოლის ნიშნებს, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს კი არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია მეჭიაურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.