თედო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს. მივესალმები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შეუფერხებლად და ყოველგვარი ჩარევის გარეშე მაუწყებლობის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა უზურუნველყოფილ იქნას ტელეკომპანიის მფლობელებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობა და ეფექტური მონიტორინგი. ამასთანავე, არ უნდა დავუშვათ დამოუკიდებელ სასამართლოზე რაიმე სახის ზეწოლა ან პოლიტიკური ჩარევა. მისასალმებელია საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესება საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი, თუმცა, დასავლეთის პოლიტიკური წრეებიდან ზოგიერთ შემთხვევაში წამოსული არაობიექტური კრიტიკა, რომელიც შესაძლოა განპირობებულია ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციით ან პარტიული სიმპატიებით, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს სკეპტიკურად განაწყობს დასავლური ღირებულებებისადმი. მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეები ცდილობენ წმინდა სასამართლო პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ისინი, დაპირისპირებისკენ ღია მოწოდებებით ცდილობენ მსხვერპლად შესწირონ დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულება, ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მუდმივად ამტკიცებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუხმობთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ, თვალყური ადევნონ ტელეკომპანიის მფლობელებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესებს, რადგანაც დღეს სასამართლო სრულიად დამოუკიდებელია პოლიტიკური ჩარევებისგან და სასამართლო პროცესები სრულიად გამჭვირვალედ წარიმართება”, – ნათქვამია განცხადებაში.