გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა!

26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი საიუბილეო ღონისძიებებს უმასპინძლებს. მონაწილეობას მსოფლიო კულტურის ცნობილი მოღვაწეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები 21 ქვეყნიდან და ქართული თეატრის წარმომადგენლები მიიღებენ. იუბილის სპეციალური სტუმრები არიან: სსრკ სახალხო არტისტი ოლეგ ბასილაშვილი, სსრკ სახალხო არტისტი ვასილი ლანოვოი, რუსეთის სახალხო არტისტი ირინა მურავიოვა.
26 ოქტომბერს სპექტაკლით: „წარსულის ეტლში. მსახიობის მონოლოგი“ აღინიშნება აშშ-ში მცხოვრები საქართველოს სახალხო არტისტის ბორის კაზინეცის 85 წლის იუბილე.
27 და 28 ოქტომბერს გაიმართება კონფერენცია: „რუსული თეატრი საზღვარგარეთ. პრობლემები და პერსპექტივები“.
გაიმართება „მრგვალი მაგიდა“ სახელწოდებით: „გიორგი ტოვსტონოგოვი – ვიხსენებთ მაესტროს“ , -მიეძღვნება სსრკ და საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს. ასევე ა რეჟისორის სახლზე, ტოვსტონოგოვის ქუჩის №9-ში მემორიალურ დაფას ყვავილებით შეამკობენ.
იმავე საღამოს გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი: „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ (ლ. ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით; რეჟ. ა. ვარსიმაშვილი. XI საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრი).
27 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება მასშტაბური საიუბილეო ექსპოზიცია, რომელიც თეატრის ისტორიას და თანამედროვეობას მიეძღვნა. ეს იქნება პირველი ღია თეატრალური მუზეუმი საქართველოში, რომლის დათვალიერებას შეძლებს ყველა, ვინც გრიბოედოვის თეატრს ეწვევა. მუზეუმის ექსპოზიციას შეადგენს რამდენიმე ათასი ერთეული – აფიშები, დეკორაციების მაკეტები, კოსტიუმები, უნიკალური ფოტომასალა და ა.შ.
ასევე გაიმართება სხვადასხვა საიუბილეო წიგნის პრეზენატაცია: გრიბოედოვის თეატრის ისტორიისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომი, სადღესასწაულო “უვადო” კალენდარი, წიგნები სერიიდან: „რუსები საქართველოში“, მიძღვნილი გიორგი და სანდრო ტოვსტონოგოვების, პაველ ლუსპეკაევის, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს და ლეონიდ ვარპახოვსკისადმი.
28 ოქტომბერს დიდ დარბაზში გაიმართება საზეიმო საიუბილეო საღამო, მიძღვნილი თეატრის 170 -წლისთავისადმი.
დიდ ფოიეში გაიხსნება სსრკ სახალხო არტისტის გიგა ლორთქიფანიძის და რუსეთის სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ლეონიდ ვარპახოვსკის მემორიალური დაფები.
საიუბილეო დღეებს 29 ოქტომბერს დაასრულებს დიდი პრემიერა – ნ. გოგოლის „რევიზორი“ ავთანდილ ვარსიმაშვილის დადგმით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები