თურქული გადამზიდავი კომპანია „S.S.T“ საქართველოს საზღვარზე გადაზიდვებს უკანონოდ ახორციელებს
თურქულ-ქართულმა მედიაგამოცემა „თიჯი ლაიფმა“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად სარფის საბაჟო პუნქტზე გარკვეული კორუფციული სქემების არსებობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. როგორც პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიაგამოცემის თურქული მხარის წარმომადგენელმა მეჰმედ ბაშარმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა განმარტეს, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ თურქეთიდან თურქული გადამზიდავი კომპანიების მიერ ავტობუსებით საქართველოს საზღვრის არალეგალური გადაკვეთა ხდება.
გურამ ადამაშვილის განმარტებით, საქართველოსა და თურქეთს შორის ტრანზიტული გადაზიდვების შესახებ გარკვეული შეთანხმება არსებობს. ტრანზიტის ლიცენზია გაცემულია ორ კომპანიაზე, საქართველოს მხრიდან ეს არის „ქართული კომპანია“, თურქეთის მხრიდან კი – „სეჩკინ პირიმიღლუ“.
ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია გარკვეული რაოდენობა, თუ რა რაოდენობის ტვირთის გატარების და გამოტარების უფლება აქვთ მხარეებს. თუმცა კომპანია „თიჯი ლაიფის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტაცით ირკვევა, რომ თურქეთის მხრიდან პარალელურად არსებობს კიდევ ერთი თურქული გადამზიდავი კომპანია „S.S.T”, რომელიც ხელშეკრულებაში მოხსენიებული არ არის, აღნიშნულ კომპანიას შექმნილი აქვს „სეჩკინ პირიმიღლუსა“ და „ქართული კომპანიის“ გაყალბებული ბეჭედი, რომლითაც საზღვარზე გადაზიდვებს უკანონოდ ახორციელებს.
„პოზიციის“ ხელმძღვანელმა ის სქემა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც თურქული კომპანიის წარმომადგენლებს მებაჟეები შეცდომაში შეჰყავთ და სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიებისკენ მოუწოდა. უფლებადამცველმა „კვირას“ პრესკლუბში როგორც რეალური ბეჭედი და ხელმოწერა, ისე გაყალბებული დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომლითაც თურქ მძღოლებს ქართველი მებაჟეები შეცდომაში შეჰყავთ.
„კომპანია „S.S.T”-ს არალეგალურად, ამ გაყალბებული ბეჭედისა და ხელმოწერის საშუალებით ქართველი მებაჟეები შეცდომაში შეჰყავს და საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად თავისი ავტობუსები გადმოყავს, რითაც საქართველოს ბიუჯეტი ათასობით ლარს კარგავს. სქემა კი შემდეგია – როცა ავტობუსის მძღოლები მებაჟეებს ხელშეკრულებას აწვდიან, ზემოდან რეალური და ნამდვილბეჭდიანი ხელშეკრულება დევს, ხოლო ქვედა მხარეს კი გაყალბებულ დოკუმენტაციას აპარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში გაყალბებული საბუთებით საქართველოს საზღვარს სარფის საბაჟო პუნქტიდან ასობით ავტობუსი კვეთს. მე მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და გამოძიება დაიწყონ. ეს პირები არ იხდიან აუცილებელ გადასახადს, ათეთრებენ ფულს და ეს თანხები, სავარაუდოდ, კონკრეტული პირების ჯიბეებში მიდის“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
„თიჯი ლაიფის“ წარმომადგენელმა, მეჰმედ ბაშარმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მედიასაშუალების მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის შესწავლით ქართული სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდებიან. მეჰმედ ბაშარი ეჭვობს, რომ სქემა კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.