EBRD ლარში პირველ ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს

  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 50 მილიონი ლარის ღირებულების პირველი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას იწყებს. ორწლიანი ობლიგაცია საქართველოს ბანკის საბროკერო კომპანია “ბი-ჯი კაპიტალსა” და “თი-ბი-სი“ ბანკს შორის გადანაწილდება, რომლებიც გარიგების გარანტორები იქნებიან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართული ფინანსური სფეროსა და ეროვნული ვალუტის მიმართ გამოცხადებულ ნდობად აფასებს. ირაკლი ქადაგიძის განმარტებით, EBRD-ს მიერ ქართულ ეროვნულ ვალუტაში ფასიანი ქაღალდების გამოშვება იმის დასტურია, რომ საბანკო სექტორი სწორად და თანამიმდევრულად ვითარდებოდა.
“ჩვენი ამოცანაა, გავაჩინოთ ახალი ალტერნატივა ფულადი რესურსების მოძიებისთვის ქართული კომპანიებისთვის. საბანკო სესხი არის მონოპოლიზირებული ბაზარი, იმიტომ რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ არის განვითარებული. როგორც ამ ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, ეს არის ე.წ. ობლიგაციების ბაზრის განვითარება, რომელიც აუცილებლად ხელს შეუწყობს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქართულ საფინანსო ბაზარს”, – განაცხადა გიორგი ქარდავამ.
“იბიარდის” რეგიონალური დირექტორის ბრუნო მალვანერის თქმით, ფინანსური ქაღალდის გამოშვება საქართველოსთვის რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი.
“ის საშუალებას იძლევა, დარეგულირდეს კაპიტალის ბაზარი, ეს ნიშნავს, რომ მომავალში სხვა ფინანსური ინსტიტუციები მოინდომებენ, გამოუშვან მსგავსი ფასიანი ქაღალდი, რაც ბაზრის სტაბილურობას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა მალვანერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები