პატრიარქი: მინდა მივმართო მათ, ვინც წასულია, ვინც უცხოეთშია, დაბრუნდნენ სახლში, სახლში უკეთესია

საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. როგორც დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა ბრძანა, დღეს საქართველოში მანკიერი წესი შემოვიდა – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში.
“დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამუშაო, არ არის სამსახური.
ეს არ არის სწორი. ყველაზე დიდი ქომაგი და დამხმარე ადამიანის არის ჩვენი დედამიწა. ღმერთმა მოგვცა ჩვენ დედამიწა ისეთი მადლიანი, რომ ადამიანი თუ მიწაზე იშრომებს, ბედნიერი იქნება. ამიტომ მინდა მოგმართოთ ყველას, მინდა მივმართო მათ, ვინც წასულია, ვინც უცხოეთშია, დაბრუნდნენ სახლში. სახლში უკეთესია.
ერთმა საქმემ თუ ვერ გაგიმართლათ, მოეკიდეთ მეორეს, მესამეს, მეათეს. არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უმუშევარი იყოს ადამიანი. იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი დაბრუნდება სამშობლოში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაეხმარება მათ, რომ სიუხვე და მადლი ჰქონდეთ”, – აღნიშნა პატრიარქმა და ხალხს ლოცვისა და შრომისკენ მოუწოდა. “წმინდა ანტონი დიდი, დიდი დამაარსებელი ბერობისა, რომელიც ეგვიპტეში მოღვაწეობდა, ეკითხება უფალს რა ვაკეთოო და მან უპასუხა: ილოცე და იშრომე. აი ეს არის ის სწორი გზა, რომელსაც ჩვენ უნდა მივსდიოთ. ვილოცოთ და ვიშრომოთ! ყურადღება მიაქციეთ, პირველ ადგილზეა ლოცვა. ე.ი. როცა ლოცვა წინ არის, შრომა დალოცვილია”, – ბრძანა პატრიარქმა და მრევლს გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე მიულოცა.
“ყველას გილოცავთ გრიგოლ ხანძთელის დღესასწაულს. მეუფე თეოდორე და სამღვდელოება ჩავიდნენ ხანძთაში, რომელიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა და დილიდან წირვას აღავლენენ. ამ წირვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”, – მიმართა მრევლს პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები