დავით ზურაბიშვილი: სანამ რამეს წამომაძახებთ „ნაცებზე“, პირი კარგად გამოირეცხეთ ყველამ

უკრაინულ საინფორმაციო პორტალ Tube.ua-ს მიერ გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრი დავით ზურაბიშვილი ეხმაურება და შსს-სგან გამოძიების დაწყებას ელოდება. როგორც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი წერს, ხელისუფლება ვალდებულია როგორც პოლიტიკურად, ისე წმინდა მორალურად, დამაჯერებელი პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას ლეგიტიმურად გაუჩნდა.
“ნუ ავრცელებთ ამ კადრებს. ბავშვები ნახულობენ. ეს ის კასრიდან ამოღებული ცნობილი კადრებია, ადრე რომ აჩვენეს ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს და მერე ოფიციალურად გაანადგურეს. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ შსს დაიწყებს გამოძიებას, თუ საიდან მოხვდა ეს კადრები არცთუ ცნობილ უკრაინულ საიტზე.
ეს გამოძიება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს კადრები გავრცელებულია თავად უშიშროების სამსახურის მიერ და წარმოადგენს ერთგვარ პასუხს ენდიაის კვლევების პუბლიკაციაზე, (“ნაშ ატვეტ ჩემბერლენუ”-ს ვარიანტში). ვფიქრობ, ხელისუფლება ვალდებულია როგორც პოლიტიკურად, ისე წმინდა მორალურადაც, დამაჯერებელი პასუხი გასცეს ამ კითხვაზე.
დიახ, ხელისუფლება ვალდებულია, რადგან თვით უმცირესი ეჭვის მიზეზიც კი არ შეიძლება არსებობდეს ამ სიტუაციაში. ასეთი მეთოდებით პოლიტიკური ოპონენტისადმი სიძულვილის გაღვივება (ვინც არ უნდა იყოს ის ოპონენტი) არის ყოვლად სამარცხვინო, მდაბალი და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უკადრისი საქციელი. ამიტომაცაა ვალდებული ხელისუფლება პასუხი გასცეს ბრალდებას. დამაჯერებელი და სარწმუნო პასუხი.
ასეა ეს და ძალიან გთხოვთ არ დამიწყოთ ახლა “ნაცები ხალხს რო აუპატიურებდნენ ის როგორ იყო” და ეგეთი კრეტინობები. მასეთი ამაზრზენი ფაქტები რომ ხდებოდა ნაცების მმართველობისას და ასეთი ჯალათების გაპრავება-დასაქმებაზე რომ იყო მთელი სახელისუფლო რესურსი მობილიზებული, იმიტომაც ვებრძოდი იმ ხელისუფლებას, არ ვიყავი იმ ბრძოლაში უკანასკნელ რიგებში და ბარე ორ კლავიატურის ვირთხას, დღეს რომ გალომდა და გავაჟკაცდა, არ უბრძოლია ჩემი მეათასედიც. ამიტომ სანამ რამეს წამომაძახებთ ნაცებზე, პირი კარგად გამოირეცხეთ ყველამ. ეს ისე, პრევენციისთვის.
და ბოლოს: კატეგორიულად მოვითხოვ, რომ პროკურატურამ და შსს-მ აუცილებლად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, არიან თუ არა დასჯილი ის ჯალათები, ვინც ფიგურირებენ ამ ჩანაწერში”, – წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები