“სააკაშვილმა, ნებით თუ უნებლიეთ, დიდი ზიანი მიაყენა სამშობლოს, თუ ეს დავიწყებას მიეცა, უკრაინაშიც იგივე შეიძლება მოხდეს”

გამოცემა New America აქვეყნებს ემილი ტამკინის სტატიას: „კოლექტიური შერჩევითი მეხსიერება და დემოკრატიის წინაშე მდგარი საფრთხე“, სადაც აღნიშნულია, რომ ოდესის ამჟამინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად,  საკუთარ ქვეყანას ზიანი მიაყენა.
„გვახსოვს, რომ მან განახორციელა პოლიციის რეფორმა, მაგრამ გვავიწყდება, რომ უგულებელყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება“,- ნათქვამია სტატიაში. სტატიაში ასევე საუბარია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არსებული კორუფციის, შერჩევითი სამართლისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გავრცელებული ვიდეოკადრების შესახებ.
“როცა საქმე ეხება ქვეყნებს, რომლებიც იღწვიან დემოკრატიული განვითარებისთვის, ჩვენ შერჩევითი მეხსიერებით არ უნდა ვაფასებდეთ მოვლენებს. მათ უმრავლესობას, ვინც აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებს მიღმა ცხოვრობს, მაგრამ იცნობს ამ რეგიონს, ახსოვს, რომ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადააყენა მთავრობა და დაიკავა, სავარაუდოდ, კორუმპირებული და ცალსახად საბჭოთა ყაიდის პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი. ასევე გვახსოვს, რომ ქვეყნის რეფორმირება მან კორუფციის აღმოფხვრით დაიწყო. გვახსოვს, რომ მან მასობრივად დაითხოვა კადრები პოლიციიდან და შექმნა ახალი სისტემა. სამართალდამცველები განათავსა შუშის შენობებში, რაც, მისი აზრით, განასახიერებდა ახალი მთავრობის გამჭვირვალობას.  გვახსოვს და უნდა გვახსოვდეს კიდეც, რომ დღეს, 2015 წელს, საქართველო, მართლაც, ბევრად უფრო თავისუფალია კორუფციისგან, ვიდრე თუნდაც ათი წლის წინ იყო“.
უცხოური პრესა ხშირად წერს, რომ დასავლეთში ძალიან პოზიტიურად გაშუქდა სააკაშვილის მიერ წამოწყებული რეფორმები ოდესის გუბერნატორად მისი დანიშვნის შემდეგ, განსაკუთრებით კი,  ბოლო კვირებში.
„ოდესა ლიდერობს უკრაინაში რეფორმებისთვის ბრძოლაში”, – ვკითხულობთ „ბი-ბი-სის“ ერთ-ერთ სტატიაში.
„ქართველი რეფორმატორი შეეჭიდა უკრაინის სახელმწიფოს ყველაზე საშიშ და რეალურ მტერს – კორუფციას“, – აცხადებს „ეკონომისტი“.
„სააკაშვილი დებს პირობას, რომ დააპატიმრებს ყველა კორუმპირებულ ოფიციალურ პირს ოდესის რეგიონში, – განაცხადა გასულ კვირას უკრაინულმა გამოცემამ – ZIK-მა.
თუმცა, გამოცემა New America  აღნიშნავს, რომ  “უცხოური მედიის მიერ გამოქვეყნებული საგაზეთო პუბლიკაციების წაკითხვის პარალელურად,  მეხსიერება არ უნდა  გვღალატობდეს”.
“გვახსოვს, რომ სააკაშვილმა დაითხოვა პოლიციიდან კადრები და მან და მისმა მთავრობამ ამოძირკვა ორგანიზებული დანაშაული, ციხეში უკრეს თავი ე.წ. კანონიერ ქურდებს.
მაიკლს ჩეჩირეს სიტყვებს თუ დავესესხებით, „ამ ნაბიჯს მოჰყვა კრიმინალური ელემენტების ხელის ერთი მოსმით განადგურება და, ამავე დროს, დაკნინებული ბიუჯეტისთვის აუცილებელი დიდი თანხების მოპოვება“. მეორე მხრივ, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ნილ მაკფარლენმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „მან არა იმდენად აღმოფხვრა კორუფცია, რამდენადაც მოახდინა მისი ნაციონალიზაცია, რასაც ადასტურებს, მაგალითად,  კერძო აქტივების ჩამორთმევა და გადანაწილება-გასხვისება, საკუთარ ახლო წრეში სახელმწიფო ქონების გასხვისება და მხარდამჭერთათვის ბაზრის საკვანძო სექტორებში მსხვილი წილების მინიჭება“.
მაკფარლენი აცხადებს: “ჩვენ, საქართველოს გარეთ მყოფთ, გვავიწყდება, რომ სააკაშვილის რადიკალურ მოქმედებებს არანაკლებ მკვეთრი შედეგები მოჰყვა. ჩეჩირეს თქმით, „უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და პოლიტიკური ნაბიჯები, რასაც სახელმწიფო იყენებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, იშვიათად თუ პასუხობდა კანონის უზენაესობის მოთხოვნებს. ასევე გვავიწყდება ციხის თანამშრომელთა მიერ პატიმართა წამებისა და სექსუალური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც იქცა სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხების მიზეზად”.
მაკფარლენი მიიჩნევს, რომ: „ისინი, ვინც ამ გზით მოხვდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში, ამ სისტემაში მყოფ სხვა პირთა მსგავსად, გახდნენ სერიოზული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.  ამ ძალადობის ამსახველი კადრები გამოქვეყნდა სულ ცოტა ხნით ადრე არჩევნებამდე, სადაც სააკაშვილის პარტია დამარცხდა. გვახსოვს, რომ მან განახორციელა პოლიციის რეფორმა, მაგრამ გვავიწყდება, რომ უგულებელყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება”.
მაკფარლენი აცხადებს, რომ „მთავრობა საკმაოდ დაუფარავად იყენებდა მართლმსაჯულების სისტემას (ბრალდების წაყენება და დაპატიმრება, რასაც მოჰყვებოდა საპროცესო შეთანხმება), რათა თავისი მიზნებისთვის გამოეძალა თანხები. ასეთი მოქმედება უფრო ძალაუფლების გადამეტებას ჰგავს, ვიდრე კორუფციას, თუმცა ზღვარი ამ ორს შორის საკმაოდ ბუნდოვანია. კვირის დასაწყისში  უკრაინელი პარლამენტარი სერგეი კივალოვი გაეთიშა ბრძოლას ოდესის მერის არჩევნებში, ხოლო სააკაშვილმა, როგორც გუბერნატორმა, განაცხადა, რომ ამის მიზეზი პარლამენტარის წინააღმდეგ წაყენებული კორუფციის ბრალდებებია. ამ მოვლენების ფონზე,  ჩვენ რატომღაც გაგვახსენდა ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში. ძალას, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება მივამსგავსოთ ოპოზიციას, ლიდერი არ ჰყავს – ის დაკავებულია უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლით.
კორუფციასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის დამყარება მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობითა და გაძლიერებით სულ სხვა რამ არის”, – აღნიშნავს ის.
ჩეჩირეს თქმით კი, „მართალია, ნათელი იყო, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესანარჩუნებლად აუცილებელია სახელმწიფოს გაძლიერება, მაგრამ ამას ხშირად მოჰყვებოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება ისე, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის სხვა გაცხადებულ მიზნებს და, ამავე დროს, წყალს უსხამდა მთავრობასთან დაკავშირებულ ყოვლისმომცველ ელიტარულ კორუფციას“.
ჩვენ სამართლიანად გვახსოვს, რა გააკეთა სააკაშვილმა, მაგრამ უსამართლოდ ვიქცევით, როცა  მისი საქმიანობის ფართო სურათს ვივიწყებთ.
„ეს კაცი, – აცხადებს მაკფარლენი, – ქადაგებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. მეორე მხრივ, ყველაფერს გააკეთებს თავისი მიზნების მისაღწევად, მიუხედავად იმისა, დაარღვევს თუ არა ამ პროცესში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. მე ახლოდან არ ვადევნებ თვალ-ყურს მის საქმიანობას უკრაინაში, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ იქაც იგივეს აკეთებს“.
ჩეჩირე მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა და დანარჩენმა ქართველმა რეფორმატორებმა შეიძლება, მართლაც, დიდი სარგებელი მოუტანონ უკრაინას, იმ შემთხვევაშიც, თუკი საქართველოსთან შედარებით სააკაშვილის მანდატი იქ უფრო სუსტია, ხოლო მისი მოწინააღმდეგე ოლიგარქების რაოდენობა უფრო დიდი. სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ, რომ ზოგიერთ სფეროში მან ბევრი სიკეთე მოუტანა საქართველოს. მეორე მხრივ, მან, ნებით თუ უნებლიეთ, დიდი ზიანი მიაყენა სამშობლოს, და თუ ეს დავიწყებას მიეცა, უკრაინაშიც იგივე შეიძლება მოხდეს.
მართალია, დასავლელ აუდიტორიას შეიძლება შერჩევითი მეხსიერება ჰქონდეს, მაგრამ საზოგადოებას, რომელიც იძენს დემოკრატიის და დემოკრატიული ჩართულობის რწმენას, ეს ასე იოლად არ ავიწყდება”, – წერს გამოცემა.

წყარო: სააგენტო “პია”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები