NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა აქვს

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ რუსეთს დღესდღეობით საქართველოზე ყველაზე მეტად პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა გააჩნია.
კითხვაზე, – როგორი გავლენა აქვს დღეს რუსეთს საქართველოზე, – გამოკითხულთა 48% ამბობს, რომ რუსეთს საქართველოზე პოლიტიკური გავლენა აქვს, 31% ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოზე ეკონომიკური გავლენა გააჩნია. 13% მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოზე კულტურული გავლენა აქვს, ხოლო 11% ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე აქვს გავლენა.
NDI-ის მიერ აპრილში ჩატარებულ კვლევაში კი, მსგავს კითხვას მოსახლეობის 80% -მა უპასუხა, რომ რუსეთს საქართველოზე გავლენა ჰქონდა, ხოლო 70% ამბობდა, რომ აღნიშნული გავლენა ნეგატიური იყო. რაც შეეხება შეკითხვას, როგორი უნდა იყოს რუსეთის გავლენა საქართველოზე, გამოკითხულთა უმრავლესობა- 68 % ამბობს, რომ რუსეთს საქართველოზე მცირე ან არანაირი პოლიტიკური გავლენა არ უნდა ჰქონდეს. 54% -ის განცხადებით, რუსეთს საქართველოზე არანაირი ეკონომიკური გავლენა არ უნდა ჰქონდეს, 58%-ის აზრით, არანაირი კულტურული გავლენა, ხოლო 68%-ის თქმით საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე არ უნდა ჰქონდეს არანაირი გავლენა. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2015 წლის აგვისტოს კვლევის შედეგები საზოგადოებას დღეს გააცნო.
ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო – 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები