ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანა

ჩვენ ვართ მცირე, მაგრამ სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმის მონაწილეებს განუცხადა. პრემიერი ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ესაუბრა და ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე გაამახვილა ყურადღება.
“რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, ჩვენ ვართ მცირე, მაგრამ სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანა. მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს. ქვეყანას აქვს შესანიშნავი ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ბიზნესგარემო ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. გადასახადების სიმსუბუქის მხრივ კი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც აღმოფხვრილია კორუფცია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. დღეს შეიმჩნევა უცხოური ინვესტიციების ნაკადის უპრეცედენტო ზრდა. 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც არა მხოლოდ 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც არის. ბაზარზე ახალი შემომსვლელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ორი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის რეიტინგების მიხედვით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები არაერთ კატეგორიაში გაუმჯობესდა. “ორი კვირის წინ მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი, ამომწურავი ანგარიში მმართველობასთან დაკავშირებით – საქართველო ამ ანგარიშის რეიტინგების სათავეშია, რაც ჩვენი დიდი წარმატების უტყუარი მაგალითია. 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა: 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში; 16 პუნქტით გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში; 19 პუნქტით კანონის უზენაესობის კატეგორიაში; 22 პუნქტით პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის კატეგორიაში; 23 პუნქტით კორუფციის კონტროლის კატეგორიაში”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები