ინდურმა კომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოსვლის სურვილი გამოთქვა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სამშენებლო კომპანიის Shapoorji Pallonji and Company Limited წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, მრავალპროფილიანმა მსხვილმა ინდურმა კომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოსვლის სურვილი გამოთქვა და ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს კომპეტენციებისა და ბიუჯეტის შესახებ, გააცნეს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული, ისე წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით დაგეგმილი სამუშაოები. საუბარი შეეხო მიმდინარე და გამოსაცხადებელ ტენდერებსაც. ინდურმა კომპანიამ, რომელიც სხვადასხვა სახის პროექტებს მსოფლიოს 26 ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს, საქრთველოსადმი დაინტერესების მიზეზად ქვეყანაში არსებული გამარტივებული ბიზნესგარემო და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობები დაასახელა. მხარეებმა თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მათი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.