დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზეა

„საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში აღმოსავლეთ ევროპაში არის პირველ ადგილზე“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც “აბრეშუმის გზის ფორუმის” მეორე დღის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს.
მინისტრის თქმითვე, ეს ინვესტორებისთვის ნიშნავს იმას, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა, ძალიან მარტივად შეუძლიათ კომპანიის რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშის გახსნა.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, ვაჩვენოთ ინვესტორებს, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში ფულის ინვესტირება ძალიან მომგებიანია. ბევრ ადამიანს, რომელიც ამ ფორუმზეა ჩამოსული, ჩვენ გავუზიარებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში არის მე-15 ადგილზე 189 ქვეყანას შორის და აღმოსავლეთ ევროპაში არის პირველ ადგილზე. ეს ინვესტორებისთვის ნიშნავს იმას, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა, ძალიან მარტივად შეუძლიათ კომპანიის რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშის გახსნა. ეს ასე არ ხდება ყველა ქვეყანაში და ჩვენ რეგიონში ნამდვილად წარმატებულები ვართ ამ მიმართულებით. ის სავაჭრო რეჟიმები და ხელშეკრულებები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, არის რეალური შესაძლებობა იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდეს ჩვენი მოსახლეობა, ჰქონდეთ მათ მაღალი და დამსახურებული ხელფასები”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ ფორუმზე ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ წარმოაჩინოს ქვეყნის მიმზიდველობა, აჩვენოს ინვესტორებს და დაინტერესებულ პირებს, რომ საქართველოში ფულის ინვესტირება ძალიან მომგებიანია. ქუმსიშვილის მტკიცებითვე, ქვეყანა კორუფციისგან თავისუფალია. “ჩვენი ქვეყანა თავისუფალია კორუფციისგან, ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არის კრიმინალი და ეს ყველაფერი არის ის ფონი, რომლის დროსაც ინვესტორს სურს ქვეყანაში შემოსვლა და ახალი ბიზნესის დაწყება”, – დასძინა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები