ქალაქის დაკარგული სურნელი, პიონერული ბავშვობა და „სანატორიუმში დასვენება“

ცნობილი მსახიობი და მართალი თბილისელი, იმ თაობის ადამიანი, რომელსაც ბევრ რამეში გაუმართლა: ეცხოვრა ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა, გაზრდილიყო ტრადიციულ ოჯახში, ჰყოლოდა ერთგული მეგობრები, ყველასათვის საყვარელი მიხალ ივანიჩი,- მაესტრო თუმანიშვილი და ყოფილიყო არტისტიმისი ცხოვრებაც საინტერესო, ოპტიმისტურ დრამას ჰგავს, სადაცდეკორაციებიდამიზანსცენებიმართალია, იცვლებოდა, მაგრამ მისი გმირი ყოველთვის ძველებურად მეამბოხე და გულის სიღრმეში რომანტიკოსი რჩებოდამსახიობ თემურ გვალიას ,,პერსონა“…

 ბატონო თემო, მიუხედავად გადატანილი პოლიტიკური ბატალიებისა, მაინც ბედნიერი თაობის ადამიანი ხართ, რადგან საოცარ ადამიანებთან  გქონდათ ურთიერთობა...1481809_718121981552300_2032361425_n
– გეთანხმებით, ნამდვილად ბედნიერი ვარ. თუნდაც იმიტომ ქართველი ვარ,  – საქართველოში დავიბადე და გავიზარდე. ალბათ კიდევ ათჯერ რომ ვიბადებოდე და ათჯერვე რომ მკითხონ, რომელ ქვეყანაში ისურვებდით დაბადებასო,- ათჯერვე ვუპასუხებდი: საქართველოში! ეს არ გახლავთ მხოლოდ სიტყვები, ამას სიყვარული ჰქვია… მე ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ქრისტიანი ვარ და მყავს ისეთი უიშვიათესი და უსაყვარლესი ადამიანი, როგორიც არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე. ბედნიერი ვარ, რომ მყავდა უკარგესი მშობლები, რომლებმაც გამზარდეს,- სამწუხაროდ, დღეს არც ერთი არაა ცოცხალი. ბედნიერი ვარ, რომ მყავს შესანიშნავი და-ძმა, რომლებიც, ამავდროულად, ჩემი მეგობრებიც არიან და რომლებიც უსაზღვროდ მიყვარს… ასევე მყავს სამი შვილი, სამი უსაყვარლესი ადამიანი და ოთხი შვილიშვილი, ოთხი „ანგელოზი“. ასევე მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ფანტასტიკური მეგობრები ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან. მყავს საუკეთესო ნათესავები, ახლობლები და ამ ყველაფრის შემდეგ განა შეიძლება ვთქვა, რომ, ბედნიერი არ ვარ?!
და კიდევ, ბედნიერი ვარ, თბილისელი რომ ვარ, და რომ თბილისში გავჩნდი…
ამბობენ, რაც დრო გადის, ადამიანს ბავშვობის წლები უფრო ხშირად ახსენდება... როგორი ბავშვი იყავით,- მოგვიყვით...
– ჩემს ბავშვობას რომ ვიხსენებ, რაღაცნაირად სევდა მაწვება გულზე. რაც შეეხება იმას, თუ როგორი ბავშვი ვიყავი, ალბათ მთლად ნორმალური არაა, რადგან 10 წლის განმავლობაში 6 სკოლა გამოვიცვალე. სკოლიდან სულ ჩხუბის გამო მაგდებდნენ. მახსენდება ის დრო, როცა მეც, ჩემი მშობლებიც, და-ძმაც ქავთარაძის ქუჩაზე ერთად ვცხოვრობდით. მახსენდება სახლი, რომელიც სიყვარულით და ათასნაირი სიხარულით იყო სავსე. მახსენდება “მასტიკის“ სუნი, რომლითაც დედა იატაკს აპრიალებდა. დამსვამდა სპეციალურ ნაჭრის ქეჩაზე და ოთახიდან ოთახში სრიალ-სრიალით დავყავდი… მახსოვს კიტრს, პომიდორს, მწვანილს, საზამთროს, ნესვს და, საერთოდ, იმდროინდელ საკვებ პროდუქტებს როგორი სხვანაირი,- სასიამოვნო სურნელი ჰქონდა. როდესაც რომელიმე მეზობელი კიტრისა და პომიდვრის სალათს ამზადებდა, სადარბაზოში სასწაული სურნელი იდგა.. სამწუხაროდ, დღეს პროდუქტებმა, ისევე როგორც ბევრმა ადამიანმა, დაკარგეს ყველაფერი კარგი, რაც კი გააჩნდათ.
ბატონო თემო, რამდენადაც ვიცი, სკოლის დროს პიონერიიდან გაგრიცხეს. ასეთი რა ჩაიდინეთ?..10008597_718122061552292_624041112_n
 – მეოთხე თუ მეხუთე კლასში ვსწავლობდი. პიონერი ვიყავი, მაგრამ წითელი ყელსახვევი ჯიბით დამქონდა და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვიკეთებდი. მახსოვს, ერთხელ სკოლის წინა ეზოში პიონერთა ხაზი დაინიშნა. ვდგავართ თეთრ ხაზთან კლასების მიხედვით მთელი სკოლის პიონერები. გაისმა საყვირის ხმა, შემდეგ კი ვიღაცის ყვირილი: სმენაა!,- სწორდით! მოემზადეთ დროშის შემოსატანადო. გაისმა დაფდაფების ჟღრიალა ხმა, რომელსაც საყვირი აჰყვა.  ხაზის გასწვრივ 7-8 პიონერი მოაბიჯებს. სულ წინ მედროშე მოდის წითელი დროშით ხელში, რომელსაც ლენინის თავი ახატია. პიონერები გასუსულები არიან და შუბლთან ირიბად აქვთ ხელი მიდებული. მოგვიახლოვდნენ და ვხედავ, მედროშე ჩემი მეზობელი გარიკა არ არის? ამიტყდა სიცილი და როცა გაგვისწორდნენ, გარიკას ფეხი დაუდე. ის დროშიანად წაიქცა და წარბი ასფალტზე გადაიხეთქა. მეორე დღეს პიონერთა რიგებიდან გამრიცხეს.. აი ასეთი პიონერული ბავშვობა მქონდა.
როგორი იყო დიდი ცხოვრების ,,სცენაზე გამოსვლა“?
-1978-ში სკოლა, როგორც იქნა, დავამთავრე. ორი წელი არსად ვაბარებდი. სულ რაღაც 6 თვეში ბიძაჩემმა, მსახიობმა მურმან ჯინორიამ მომამზადა და 1980 წელს თეატრალურ ინსტიტუტში, ბატონ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში, დრამისა და კინოსამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ჯგუფში ვსწავლობდით: მე, გია აბესალაშვილი, ლაშა კალაძე, მალხაზ კუხიანიძე, ზურაბ ბუხრაძე, ლელა გოცირიძე, ხათუნა მჭედლიძე, ქეთი ფეიქრიშვილი, მაია კანკავა და ჩვენი უსაყვარლესი მეგობრები, რომლებიც დღეს აღარ არიან: ლევან აბაშიძე, მიშკა ჯოჯუა, ლალი კეკელიძე და გოჩა ადამია. ღმერთმა ნათელში ამყოფოთ მათი სულები. მოკლედ ჩვენი ჯგუფი ძალიან ძლიერ ჯგუფად ითვლებოდა. მეორე, მესამე, მეოთხე კურსზე რომ ვიყავი, უკვე თეატრის თითქმის ყველა სპექტაკლში ვმონაწილეობი.
ბედნიერი ადამიანი ხართ, რადგან ბატონ მიშა თუმანიშვილთან გაიარეთ არა მარტო პროფესიული, არამედ ცხოვრებისეული ,,მასტერ კლასიც... როგორი მაესტრო დაგამახსოვრდათ?10003182_718122284885603_846486151_n
– რაც შეეხება ბატონ მიხეილ თუმანიშვილს, ცხოვრებაში არ შემხვედრია ასეთი პროფესიონალი, თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე, ბატონი მიშასნაირი ადამიანები, ალბათ საუკუნეში ერთხელ იბადებიან. მან პირველივე კურსიდან მათამაშა დიდ სცენაზე კინომსახიობთა თეატრში. კერძოდ – მოლიერის „დონ ჟუანში“, სადაც გუსმანის როლს ვასრულებდი. სხვათა შორის, ამ სპექტაკლით მოვიარეთ თითქმის მთელი მსოფლიო. სპექტაკლებს სადღაც 28-30 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ვთამაშობდით. 1984-ში დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი და ბატონმა მიშამ კინომსახიობთა თეატრში ამიყვანა.
1985 წელს მე და გია აბესალაშვილი საბჭოთა ჯარში გამნამღველებად გაგვიწვიეს. ცხინვალში ვმსახურობდით: მე, გია აბესალაშვილი, ერეკლე ბადურაშვილი და დათო გოგიაშვილი (თავგასა).. ჯარის შემდეგ მეც და გიაც თეატრს დაუბრუნდით. იმ პერიოდში საბჭოთა თეატრისთვის ეს იყო დიდი ფუფუნება, როდესაც ჩვენ გასტროლებზე დავდიოდით, ბატონი მიშა ხან მოგვყვებოდა და ხან არა. თუ თვითმფრინავით დიდხანს იყო საფრენი, იგი არ მოდიოდა. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში არ წამოგვყვა. სასწაულად ეშინოდა თვითმფრინავის. ერთხელ, როდესაც ევროპის ქვეყნებში გასტროლებზე გავემგზავრეთ, მიხალ ივანიჩი (ასე ვეძახდით ბატონ მიშას) წამოგვყვა. ვსხედვართ თვითმფრინავში. როდესაც ავფრინდით, გავხედე ბატონ მიშას, რომელსაც გვერდს მისი უსაყვარლესი მეუღლე ქალბატონი ლეილა უმშვენებდა და რას ვხედავ… ბატონი მიშა ხელებით არის ჩაბღაუჭებული სკამის საყრდენებს და სახეზე თეთრი ფერი ადევს. ქალბატონი ლეილა კი ჩუმად რაღაცას ელაპარაკება. ეტყობა, ამხნევებდა. სასწრაფოდ წამოვდექი, მივედი და ქალბატონ ლეილას ვთხოვე, ადგილები გაგვეცვალა. ქალბატონმა ლეილამ თვალი ჩამიკრა და მეც ბატონი მიშას გვერდზე აღმოვჩნდი. ცოტა დაველაპარაკე და შემდეგ ბორტგამცილებელს ვთხოვე, ორი ას-ასი გრამი კონიაკი მოეტანა. ბატონ მიშას ვთხოვე, დაელია და თან ავუხსენი, რომ კონიაკი დაეხმარებოდა ამ ყველაფრის გადატანაში. შემომხედა, მომიჭახუნა პლასტმასის ჭიქა და დალია. ზუსტად 2 წუთში მომიტრიალდა და მკითხა: საიდან იცი ასეთი რაღაცებიო?.. მერე წამოდგა და მთელს სალონში ხმამაღლა, სიცილით გამოაცხადა: აღარაფრისაც აღარ მეშინიაო.. და ეს იმ დროს, როცა ბატონი მიხეილი ხმელეთზე წვეთ სასმელს არ სვამდა. ძალიან მენატრება…
 – ბატონო თემო, თბილისი და თბილისელები,- დღეს ხშირად იხსენებენ იმ ,,სულ სხვა თბილისს“,- გაიხსენეთ ,,სულ სხვათბილისური შეხვედრის ადგილები და გამორჩეული თბილისელები.
– მართალია, როცა ამბობენ, რომ დღეს თბილისი თბილისს აღარ ჰგავსო. ეს კიდევ ერთხელ იმის დამადასტურებელია, თუ როგორ შეუძლია დრომ და ცალკეულმა სოციალურმა თუ პოლიტიკურმა მოვლენებმა შეცვალოს ქვეყანა, ქალაქი, რაიონი თუ სოფელი… ჩემს ახალგაზრდობაში უფროსი ხალხი რომ ამბობდა: ეჰ, სადღაა ის თბილისი, ჩვენ რომ გვახსოვსო, სულ ვფიქრობდი: როგორ მისტირის ეს უფროსი თაობის ხალხი ძველ დროს- მეთქი. მეგონა, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა.
თურმე, სამწუხაროდ, მე ვცდებოდი და ისინი კი მართლები იყვნენ. მე დღესაც იმ ჩემსდროინდელ თბილისის ჰაერს ვსუნთქავ. რა ურთიერთობები იყო, როგორი გამარჯობა-გაგიმარჯოს, რა ჩახუტება, რა მოკითხვები, სუფრიდან სუფრაზე გადასვლები… კაცი კაცს ჰგავდა, ქალი ქალს. რა სიყვარული იყო? ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსთაველის პროსპექტზე, სადაც ყოველ დღე საქართველოს უამრავი საამაყო ადამიანი დადიოდა, დღეს „გეი-აღლუმები“ გაიმართებოდა და ყველაფერ ამ მარაზმის მომწყობები და ხელმძღვანელები სწორედ ჩვენი თაობის ზოგიერთი ვაი-ქართველი და ვაი – თბილისელი აღმოჩნდებოდა… ჩვენს დროსაც იყვნენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, მაგრამ თავისთვის იყვნენ და ცხოვრების წესებს არავის კარნახობდა ქუჩებიდან და ტელევიზიებიდან. აბა, მითხარით, გული როგორ არ გაგისკდება ამ ყველაფრის მერე? შეგნებულად არ მინდა, ჩამოვთვალო ის საამაყო თბილისელები, ვინც დღესაც ჩემს გულში არიან და ვერასოდეს დავივიწყებ… უბრალოდ ძალიან, ძალიან ბევრნი იყვნენ, რომელი ერთი გავიხსენო? ამ გასულმა 9 წელმა ხომ საერთოდ გაანადგურა თბილისი და არა მარტო თბილისი, – მთელი საქართველო.
23 ნოემბერს დაიბადეთ და გიორგი არ გქვიათ,- ეს საქართველოში იშვიათია...10009501_718122411552257_313105188_n
– სულ ვფიქრობ და მაწუხებს, რატომ დამარქვეს თეიმურაზი! 23 ნოემბერს დავიბადე და იმის მაგივრად, რომ გიორგი დაერქმიათ, თიემურაზი დამარქვეს. მამაჩემს ვკითხე ერთხელ: რატომ არ დამარქვით გიორგი- მეთქი? მან კი მიპასუხა: მადლობა თქვი, რომ გაგაჩინეთ, ახლა რომ აქ დგახარ და მელაპარაკებიო. მე ვუთხარი: ჰოო. ჩასახვის დროს სულ ჩემზე ფიქრობდი – მეთქი. წამოწოლილი იყო საცოდავი და წამოჯდა. მეუბნება: რა უმადურები ხართ შვილებიო. შენ მადლობა თქვი, იურა რომ არ გქვიაო? იურა რატომ უნდა მერქვას – მეთქი?- ვიკთხე, ასე მიპასუხა: იმიტომ, რომ 1961 წელს იური გაგარინი გაფრინდა კოსმოსშიო. მე: მერე მე რა შუაში ვიყავი – მეთქი? მამა: ეს იმხელა მოვლენა იყო, რომ მთელი მსოფლიო ზეიმობდა და ამ ზეიმ-ზეიმში ბავშვებს იურას არქმევდნენო. მე: რა ვიცი მამა, ჩემს გარშემო იურა არავინ ვიცი ახლობელ-მეგობარი… მამა: შენს გარშემო ნორმალურ ადამიანებს რა უნდათო? სამაგიეროდ, გყავს მეგობრები: ტაბურეტკა, სკინკილო, კეტე და ჩამოთვალა… და კიდევ ერთს გეტყვიო. სანამ დაიბადებოდი, ბაბუაშენმა წინადადება შემოიტანა, რომ მთელმა ნათესავებმა ჩამოვწეროთ ხუთ-ხუთი სახელი და რომელიც მეტჯერ განმეორდება ის დავარქვათო. ჰოდა, თურმე დაემთხვა ბებიაჩემის (ტატიანა ჯინორიას) მამის სახელი “მალაქია”. (ბებიაჩემი და ბაბუაჩემი შეკრულან თურმე). აზრზე ხართ, რა გადარჩენილი ვარ? ახლა რომ მალაქია გვალია არ ვარ?! ვერც გაიგებდით: სახელი რომელია და გვარი რომელი. მამამ მითხრა: ეჰ შვილო, მაშინ სხვა დრო იყო… არ ვიცოდით გიორგობა რომ იყო, თორემ, ვინმეს რომ მიენიშნებინა მაინც, ეგრევე დაგარქმევდიო. ახლა ისე მიხარია, თეიმურაზი რომ მქვია,- ვერ წარმოიდგენთ. ახლა მე თავად ვარ მამაც და ბაბუაც, აქამდე ალბათ ვერ ვიყავი სათანადო დონეზე, მაგრამ დღეს მაქსიმალურად ვცდილობ და ვიცი, კარგი მამობაც და კარგი ბაბუობაც გამომივა.
ბატონო თემო, ცხოვრება, რომ იტყვიან, სრული ,,პაკეტითგაიარეთ,- ციხეშიც იჯექით,- როგორი იყო ცხოვრება გისოსებს იქით და იქ რაიმე ,,აღმოჩენახომ არ გაგიკეთებიათ?
– მეცინება… როცა ვინმე მეკითხებოდა, რაზე იჯექიო, ვპასუხობდი, – პოლიტიკურზე- მეთქი. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 2-ჯერ მომიწია „სანატორიუმში დასვენება“. კაცურად ჩავჯექი და კაცურად გამოვედი. სამაგიეროდ, დღეს ზოგ-ზოგიერთივით თავჩაღუნული და შეშინებული კურდღელივით არ დავდივარ ქუჩებში. ბევრმა ვერ გაუძლო კაცურ გამოცდას და სული ეშმაკს მიჰყიდა და კეთილდღეობის საფასურად, სხვები გააუბედურა! 10009619_718122484885583_1106723316_nამის გამო კი ყველას მოეკითხება უფლისგან თავის დროზე. ადამიანის მიერ ადამიანის დასმენა – ჩაშვება ჩვენი რელიგიის მიხედვით, ქრისტიანულად ერთ-ერთი უდიდესი ცოდვაა და არაკაცური საქციელია. თუმცა 9 წლის განმავლობაში მავანნი ზუსტად ამისკენ უბიძგებდნენ და ამასვე მოუწოდებდნენ ქართველ ხალხს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იყო ცხოვრება გისოსებს მიღმა, როგორც ყველა ნორმალური პატიმარი იხდიდა სასჯელს, მეც ისე მოვიხადე. მეც სხვებთან ერთად გავიარე დამცირება, შეურაცხყოფა, წამება… ჩვენ ციხეებში არ ვყოფილვართ, – „საკონცენტრაციო ბანაკებში“ ვიმყოფებოდით. მაგრამ მგონი, პატიმრებს იქაც არ ექცეოდნენ ისე, როგორც სააკაშვილის სახელობის „საამაყო“ საპყრობილეებში. რაც შეეხება კარგს, კარგი ის იყო, რომ ციხეებში პატიმრები ერთმანეთს ვუვლიდით, ვფიქრობდით სიკეთეზე, ოჯახებზე, მეგობრებზე და დრო ასე გაგვყავდა. იქ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. სულ 8 საპყრობილე მომატარეს. ვიჯექი ე.წ. „კრიტებში“. ბოლოს ქსნის მე-15 დაწესებულებიდან გამოვედი. ბევრი ცუდიც ვნახე, ბევრი კარგიც. მინდა, დღეს საქართველოს სხვადასხვა ციხეში მყოფი პატიმრები გავამხნევო და შევუთვალო: ძმებო, გამაგრდით, ილოცეთ და თუ საკუთარი ქვეყანა არ გისმენთ, ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას… აუცილებლად დალაგდება,- ყველაფერი კარგად იქნება…. მაგრამ ერთს კი ვიტყვი: იმ პერიოდში პენიტენციალურ სისტემაში მომუშავე ყველა თანამშრომელი გასაშვებია სამსახურებიდან,- ეს რბილად ვთქვი…
 – დღეს ბატონი მიშა თუმანიშვილის მსგავსად თავად ხართ მაესტრო, ბავშვებს ასწავლით ხელოვნებას, რა რჩევას აძლევთ ყველაზე ხშირად, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ?10008398_718122214885610_1252251303_n
– მაესტროსი რა მოგახსენოთ, მაგრამ გოგა პიპინაშვილის ახალგაზრდულ ხელოვნების სტუდიაში ნამდვილად ვასწავლი ბავშვებს სამსახიობო ოსტატობას. სხვათა შორის, გოგამ გააკეთა ის, რაც ხელისუფლებამ უნდა გაუკეთოს გათავისუფლებულ პატიმრებს, ანუ დამასაქმა.. დღეს ბავშვებთან ვმუშაობ და ისე შემაყვარეს თავი,- ერთი დღეც ვერ ვძლებ უმათოდ…
ბატონო თემო, როგორ გადარჩეს ადამიანი,- ცხოვრების რუტინას და დეპრესიას თავი რომ დააღწიოს?
 -„რომ იცოდეთ, დეპრესია,- არის სულის რეპრესია“, – ესეც ექსპრომტი.. ყველამ, ვინც კი დეპრესიაშია, კარგად იცის მიზეზი ან მიზეზები, თუ რატომ იმყოფებიან ამ მდგომარეობაში. ჰოდა, ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ვურჩევ, დეპრესიის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა დაიწყონ. დამიჯერეთ, ჩვენს სულს ვერავინ მოუვლის და მიხედავს. ვერც ექიმი, ვერც ფსიქოლოგი, ვერც ფსიქიატრი, ვერც ნათელმხილველი და ვერც პარაფსიქოლოგი… რწმენა  ყველაფრის და ყველას მკურნალია… ნორმალურო ქართველებო, შემოგევლეთ ყველას, ძალიან მიყვარხართ! ამის შემდეგ მაინც ვიყოთ ფხიზლად და მტერი ვერ მოგვერევა..

 

თეონა გოგნიაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები