„კურსი, რომელსაც „რუსთავი 2“ ატარებს, ანტისახელმწიფოებრივია”

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლეზე ზემოქმედება დასჯადი ქმედებაა. იურისტები შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, ადეკვატური შეფასება მისცენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისწამებლურ კამპანიას. იურისტი ირმა ჭკადუა მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, რომ გააკეთონ განცხადება მოსამართლე ურთმელიძის გარშემო განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

თამაზ ურთმელიძე „რუსთვი 2“-ის დაინტერესების ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონება დააყადაღა. ნიკა გვარმიამ მოსამართლეს ქართული სასამართლო სისტემის სირცხვილი უწოდა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლეა.

მეტიც, გვარამია მაღალი ალბათობით ამტკიცებს, რომ მოსამართლე ურთმელიძე კორუფციაშია ჩაბმული და აღებული აქვს თანხა იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანოს. თუმცა, 18 სექტემბერს მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მოსამართლეზე ასე შეგნებულად ისაუბრეს, რადგან მოსამართლე გაღიზიანებულიყო და ვერ ყოფილიყო მიკერძოებული.
ამჯერად კი, „რუსთავი 2“-ს ობიექტივში მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედა მოექცა, იგი სიძის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ურთმელიძესთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“- მა გაავრცელა, სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
რაც შეეხება დედის, მდინარა გიორგობიანის მიმართ არსებული გამოძიების მიმდინარეობას, პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2014 წლის 7 იანვარს შსს-ს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ვალერიან სილაქაძის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მდინარა გიორგობიანმა სიძეს – ვალერიან სილაქაძეს ნაჯახის დარტყმით მარცხენა ხელზე ჭრილობა მიაყენა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჭრილობა წარმოადგენს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კონფლიქტი მოხდა ოჯახში, დიასახლისის გარდაცვალების შემდეგ სიძე-სიდედრს შორის. კონფლიქტი პირდაპირ კავშირში იყო 12 წლის მცირეწლოვანი შვილიშვილის ინტერესებთან.

„ექსპერტიზის დასკვნების ანალიზით, მდინარა გიორგობიანის ქმედების დაკვალიფიცირება მოხდა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და არა მკვლელობის მცდელობით, რომლის დახატვასაც ცდილობს „რუსთავი 2“. მას შემდეგ რაც ბრალდების მხარე დარწმუნდა, რომ დაპირსპირებული ოჯახის წევრები შერიგებას არ აპირებდნენ, 2015 წლის 24 სექტემბერს, ვალერიან სილაქაძე ცნობილი იქნა დაზარალებულად, ხოლო 12 ოქტომბერს მდინარა გიორგობიანი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის მე-111,118-ე მუხლის 1 ნაწილით.
აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ვინაიდან გამოძიება ფაქტობრივად დასრულებულია, საქმე უახლოეს დღეებში წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. აღნიშნული ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გადავა სასამართლოს წარმოებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის აბსურდულობას“, – აღნიშნულია გიორგი ბადაშვილის უწყების განცხადებაში.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გარშემო განვითარებულ მოვლებზე განმარტება გაკეთა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
„რადგან აღნიშნული საკითხები უკავშირდება მიმდინარე სამართლებრივ პროცესს, მე ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს დააზარალებს პროცესს. პროცესი გამჭვირვალეა, შუქდება და რადგან სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს, პროცესი რომ არ დაზარალდეს, ამ პოზიციიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის რაც დადგება პროცესზე, თქვენ შეგიძლიათ გააშუქოთ და შემდეგ შეფასებები გააკეთოთ“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კარგი იქნება თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ ჟურნალისტებმა მშვიდ გარემოში შეძლონ მუშაობა.
„რუსთავი 2“- ის საქმეზე კარგი იქნება, თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ თქვენ ჟურნალისტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მოგეცეთ. ახლა კი მეორე გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ მინდა ვთქვა, რომ იქნებ მოსამართლეს მისი ოჯახური საკითხების ასეთი ტიპის, ასეთი მეთოდით გამორკვევის გარეშე ვაცადოთ მშვიდად მიუდგეს ამ საქმეს. ეს არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამართლეს, პირველ რიგში, ამ მოსამართლეს, მივცეთ ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე, მშვიდ გარემოში საქმის განხილვის საშუალება“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა.
იურისტი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ის, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -მა მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით გააკეთა, ეს იყო მინისასამართლო პროცესი, რითაც მოხდა მოსამართლის დისკრედიტაცია.
„რასაკვირველია ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და უშუალოდ მოსამართლეზე. დღეს თავდასხმის ობიექტი იყო ურთმელიძე, ხვალ შეიძლება იგივე მოხდეს სხვა მოსამართლის წინააღმდეგ. დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ ბატონი გვარამიას განცხადებები ეს არის სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა და აშკარა ზემოქმედება სასამართლოზე.
„რუსთავი 2“ -მა მინისასამართლო პროცესი მოუწყო მოსამართლეს, რითაც დაირღვა, როგორც უშუალოდ მოსამართლე ურთმელიძის, ასევე მისი ოჯახის წევრების უფლებები. მითუმეტეს, რომ საქმე ეხებოდა არასრულწლოვან ბავშვს, აშკარაა, რომ მიზანმიმართულად უხეშად დაირღვა ადამიანის უფლები. მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მკაცრი რეაგირება მოახდინონ იმაზე რაც „რუსთავი 2“- მა გააკეთა“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.
იურისტი ასევე მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, რომ გააკეთონ განცხადება მოსამართლე ურთმელიძის გარშემო განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.
„მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, ისინი ძალიან ხშირად აღშფოთდებიან ხოლმე, კეთილი ინებონ და სასწრაფოდ გააკეთონ განცხადება ამასთან დაკავშირებით, რაც ხდება მოსამართლე ურთმელიძის გარშემო. მიმაჩნია, რომ კურსი, რომელსაც „რუსთავი 2“ ატარებს ანტისახელმწიფოებრივია, ყოველდიურად ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების დემორალიზაცია“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.
მოსამართლე ურთმელიძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებს იურისტი გელა ნიკოლეიშვილი, რომლის განცხადებით, მოსამართლეზე ზემოქმედება კანონით ისჯება.
„ეს არის მიზანმიმართული ზეწოლა ურთმელიძეზე. ერთ შემთხვევაში ამტკიცებენ, რომ ადამიანმა ქრთამი აიღო, ხოლო მეორე შემთხვევაში ამბობენ, რომ დედის ქმედების გამო გამოჭერილი ჰყავთ. თან ფულს იღებს და თან გამოჭერილია, ეს არ ვიცი… თუ გამოჭერილია ადამიანი, იმას ფულს რაში გადაუხდიან? ამ შემთხვევაში სწორია გვარამია როდესაც ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია მოსამართლე ურთმელიძის წინააღმდეგ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები