ბიზნესმენ უგულავას ცოლი სკანდალში ეხვევა–ინტერვიუ ბაია დავითაიასთან

ცნობილი ბიზნესმენი თემურ უგულავა მის ერთადერთ ოფიციალურ ცოლს ეყრება. განქორწინების პროცედურა საკმაოდ მძიმეა და ამ შემთხვევაში დამამცირებელიც. ბაია დავითაია მიიჩნევს, რომ არამხოლოდ მეუღლე, ახლა უკვე სასამართლოც, მას უსამართლოდ ექცევა და მის კანონიერ უფლებებს ქონებაზე, ლახავს.
ეს სწორედ ის მომენტია ცხოვრებაში, როცა ყველაზე ახლობელი ადამიანი თანდათან უცხო ხდება, როცა ისეთ სირთულეებს აწყდები, ადრე წარმოდგენაც რომ არ გქონდა… ეს ყველა ქალისთვის და განსაკუთრებით დედისთვის, მძიმე ტვირთია.
რისთვის იბრძვის ბაია დავითაია, რა ურთიერთობა აქვს ახალგაზრდა გოგოსთან, ვინც რამდენიმე ხანში მისი ქმრის ცოლი გახდება, რას ამბობს ერთადერთ შვილზე, რომელსაც აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს და რაზე არჩევს გაჩუმებას. ბაია დავითაიამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

– ბაია, თუ არ ვცდებით, თქვენ ერთადერთი ქალბატონი ხართ, ვინც თემურ უგულავასთან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდით. ახლა განქორწინების რთულ ეტაპს გადიხართ. ალბათ, იმაზეც გიწევთ ფიქრი, რა მოხდა თქვენ შორის, რა გახდა განქორწინების მიზეზი? სხვა ქალი, თუ პრობლემები მანამდე დაიწყო?
– მე და თემური ოფიციალურ ქორწინებაში ვიმყოფებით. ჩვენ შორის მოხდა ის, რაც, სამწუხაროდ, ბევრ ქართულ ოჯახში ხდება. მე ვერ ავიტანე ის საქციელი, რაც, რატომღაც ჩვეულებრივად და მისაღებად იქცა საზოგადოებისთვის. ქმრის ღალატს ნორმალური ადამიანი ვერ აიტანს.
– 2013 წელს, თქვენ, უგულავასთან საქორწინო კონტრაქტი გააფორმეთ. ამ დროს თქვენ მასთან უკვე თანაცხოვრებაში იმყოფებოდით. იყო თუ არა ჩადებული კონტრაქტში ისეთი პუნქტები, რომლებიც თქვენთვის ქონების მიღების გარანტიას უზრუნველყობდა. თუ მისი გადაფორმების დროს, რაღაც კომპრომისზე წახვედით, რის გამოც დღეს სასამართლოში დავა გიწევთ?
– ქონების მიღებას კი არა, პირიქით – თემურისთვის ქონების გადაცემას გულისხმობდა. კერძოდ, ამ ხელშეკრულებით თემურს დავუთმე ჩემი წილი იმ შენობაში კოსტავას ქუჩაზე, რომელშიც დღეს „თბილისი რუმსია“ განთავსებული და რომელშიც მომავალში უნდა განთავსდეს სასტუმრო „ინტერკონტინენტალი“. სანაცვლოდ, თემურს მხოლოდ ერთი რამ უნდა გაეკეთებინა – ბანკის ვალებისგან გამოეთავისუფლებინა ჩემი წილი ქონება „ჰოლიდეი ინში“, რაც მას დღემდე არ გაუკეთებია.
– თემურ უგულავა ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალბატონებში, შესაბამისად, მედიაშიც სხვადასხვა ინფორმაციები ჩნდებოდა. ამბობენ, რომ ის საკმაოდ გულუხვი იყო და ზოგს ბინას ჩუქნიდა, მაგალითად, ლონდონში და ზოგს ავტომობილს. საუბრობენ იმაზეც, რომ თქვენც მეუღლისგან ლონდონში ბინის შეძენას ითხოვთ. რას იტყოდით ასეთ ხმებზე? არის აქ სიმართლის მარცვალი?
– ნამდვილად ვერ გეტყვით როგორი სტატუსით სარგებლობს თემური, თუმცა ბოლო პერიოდის მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს, ალბათ, შეიძლება ამის დაჯერებაც. წლების მანძილზე, ჩვენ განვიხილავდით, რა აჯობებდა ჩვენი შვილისთვის, ლუკასთვის – ამერიკაში ცხოვრება და მკურნალობა თუ ინგლისში. ჩვენ ძირითადად ამერიკაში ვცხოვრობდით, თუმცა, აქტიურად ვფიქრობდით ლონდონზეც, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ლონდონი ბევრად ახლოა. ლუკას კი ძალიან უჭირდა წელიწადში ორჯერ ან სამჯერ 12-12 საათი ფრენა, ამხელა მანძილზე. ეს ძალიან ძნელია ბავშვისთვის, განსაკუთრებით კი – აუტიზმის ასეთი მძიმე ფორმის მქონე ბავშვისთვის. ფრენის გარეშე კი არ გამოდიოდა, რადგან ამერიკაში არ გვქონდა მუდმივი ცხოვრების უფლება, ან ინვესტ-ვიზა (რისი გაკეთებაც თემურისთვის პრობლემა არ იყო). ამიტომ, ჩვენ დღემდე ვართ ტურისტული ვიზით და წელიწადში სამჯერ ამხელა გზაზე გვიწევს ფრენა. ასევე, ამერიკაში ბავშვთან მარტო ყოფნა მიჭირდა, მშობლების მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ ინგლისში გადასვლა იყო ერთ-ერთი გამოსავალი. ბინის შეძენა კი თითქმის იგივე ჯდება, რაც ბინის გრძელვადიანად ქირაობა. რატომ უნდა გადაგვეყარა თანხები წყალში? თანაც, ნაქირავები ბინიდან ბინაში გადასვლას ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამდა ლუკა, რომელიც, ისევ ვიმეორებ, მძიმე ფორმის აუტისტია. ასეთ ბავშვს სჭირდება სტაბილური გარემო. აქამდე ველოდით, რომ თემური გაითვალისწინებდა ამ მდგომარეობას. სამჯერ ვიყავი ჩასული ლონდონში და ბინაც მოვძებნეთ. თემური ამ ყველაფრის მონაწილე იყო, თუმცა, ეს საკითხი მაინც არ გადაწყდა… სხვა ქალს უყიდა ლონდონში სახლი და ჩვენ დღემდე ვცხოვრობთ ნაქირავებში ამერიკაში.
– თქვენი ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ თემურ უგულავას არასრულწლოვანი შვილის მკურნალობა/რეაბილიტაციის ხარჯი 25%-ით შეამცირა. ხომ არ ნიშნავს, ეს რომ უგულავა ფიქრობს, რომ ის 25%-ით მეტს იხდიდა მკურნალობაში, ვიდრე ეს ბავშვს რეალურად ესაჭიროებოდა. ეს ვარაუდი თუნდაც იქიდან ჩნდება, რომ ის აკონტროლებს ყველა თანხას, რომელსაც ბავშვისთვის გამოყოფს?
– პირდაპირ გეტყვით – არა. ეს იყო თემურის აზრით სადამსჯელო ზომა. მან წინასწარ დაგვიანონსა, რომ მოსამართლე ებანოიძე ზუსტად ასეთ გადაწყვეტილებას გამოიტანდა ამ ნაწილში და, ჰოი საოცრებავ – სწორედ ეს მოხდა. მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით – იმ 25%-ით შემცირებულ თანხაში, რომლის გადახდაც სასამართლომ თემურს დაავალა, არ შედის იმ ავიაბილეთების ფული, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე გვჭირდება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ლუკას მდგომარეობიდან გამომდინარე, მგზავრობა ყოველთვის ბიზნეს-კლასით გვიწევს, 4 ადამიანი სულ დავყვებით ლუკას თვითმფრინავით, რაც აუცილებელია. ეს კი ამერიკამდე უძვირესია. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მოვლა ძალიან ძვირია და დიდი თანხები სჭირდება. ნებიესმიერ ექიმთან შეგიძლიათ ეს იკითხოთ. ლუკა უკვე გაიზარდა, პატარა აღარ არის და ჩვენ ვეღარ ვერევით, ამიტომ მამაკაცი ავიყვანეთ დამხმარე ძიძად. ასევე ამ თანხებში არ შედის დასვენება  არდადაგების დროს, ორჯერ მაინც წელიწადში… ასეთი მაგალითი კიდევ ბევრია. ასე რომ, თავად განსაჯეთ.
– თქვენ აღნიშნავთ, რომ უგულავა შვილს, გარდა ფინანსური, არც მორალურ არც სულიერ დახმარებას არ უწევდა. საინტერესოა, როგორი იყო უგულავა მეუღლის ამპლუაში. თქვენც განიცდიდით ყურადღების დეფიციტს? როგორი იყო ის, როგორც მეუღლე და მამა, თუ შეიძლება უფრო დეტალურად რომ გვითხრათ.
– დიახ, თემური მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა ლუკას. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ყველა ბავშვს, სრულფასოვანი განვითარებისთვის, სჭირდება მზრუნველი მშობელი, მშობლის განუყოფელი დრო და ყურადღება, რაღაც პერიოდულობით მაინც და არამხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა. ამ მხრივ, ლუკას გაცილებით მეტი სჭირდებოდა მამისგან, ვიდრე ჰქონდა, ან აქვს. სხვა დანარჩენს რაც შეეხება – ანუ ჩემი და თემურის თანაცხოვრების დეტალებს – ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
– რა არის თქვენი სამომავლო გეგმა. საქართველოში საქმის წაგების შემთხვევაში, რას გირჩევენ თქვენი ადვოკატები?
– ჩემი გეგმა იყო და არის დამოუკიდებელი ცხოვრება, ფინანსურადაც. არანაირად არ მსურს ყოფილი ქმრის კმაყოფაზე ყოფნა და არც ახლა ვაპირებ. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი მოლაპარაკებით ვცადე მორიგება, მან ამჯობინა სასამართლოს გზით გადაეწყვიტა ეს საკითხი. საერთოდ, არ მიფიქრია და არც კი დამიშვია, რომ სასამართლო ასეთ გაუგონარ ნაბიჯს გადადგამდა და სრულიად არაფერს არ დამიტოვებდა.
– სასამართლო დავა, თქვენი მხრიდან ერთგვარი შურისძიებაა თუ მხოლოდ ბავშვის ინტერესების დაცვა?
– სიმართლე გითხრათ, მე არ ვდაობ. თემური დაობს და ცდილობს, ყველაფერი რაც ერთად შევქმენით, რაღაც ხერხებით მთლიანად თავისთვის დაიტოვოს. მე ვიცავ ჩემს უფლებებს, დავიტოვო ის, რაც მეკუთვნის კანონით. მე არ ვაპირებ მას უაპელაციოდ მივცე საშუალება, თვითონ გადაწყვიტოს რა მისცეს და რა არა თავის ცოლს. ეს მისი გადასაწყვეტი არაა, ამას კანონი არეგულირებს და თან ძალიან მკაფიოდ.
– იცნობთ იმ გოგონას, ვისზეც თემურ უგულავა ახლა აპირებს დაქორწინებას? შეხვედრიხართ მას? როგორ აგიხსნათ მეუღლემ თქვენთან განქორწინების აუცილებლობა, როგორი იყო თქვენი პოზიცია? ეს დაძაბული საუბარი იყო, თუ ვითარებას გაგებით შეხვდით?
– კი, მე ვიცნობ ნინის. შევხვედრივარ და სულაც არ მიკვირს ის, რომ თემურს ნინი მოეწონა. ჩვენი განქორწინება არ მომხდარა მის გამო. განქორწინების აუცილებლობა ჩემთვის არავის აუხსნია. მე თავისუფალი აზროვნებით გამზარდეს და ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ტყუილში ცხოვრება არ არის კარგი, როცა გავიგე, რომ თემური მღალატობს, ჩვენ დავიშალეთ. ამ ვითარებას, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად გაგებით მოვეკიდე.
– და ბოლოს, მკითხველს რომ მკაფიოდ განუმარტოთ, რას ითხოვთ თქვენ, ქონების რა ნაწილის მიღების იმედი გაქვთ?
– ვითხოვ, მხოლოდ იმას, რაც კანონით ეკუთვნის ნებისმიერ მეუღლეს განქორწინებისას – ქორწინების პერიოდში შეძენილი, შექმნილი და ღირებულებაგაზრდილი ქონების ნახევარს. ეს არის ის, რაც მეკუთვნის კანონით. მოსამართლე ებანოიძემ გადაწყვიტა, რომ ის კანონზე მაღლა დგას და იმ ქონებიდან, რომელიც ჩვენი თანაცხოვრებისა და ქორწინების პერიოდში შევქმენით, საერთოდ არაფერი მომაკუთვნა, რაც მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა და, ალბათ, ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩენს ეჭვს მოსამართლის არც თუ ისე ალტრუისტულ მოტივებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმედს, იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო გაუძლებს ცდუნებას (რომლის მცდელობასაც, ეჭვი არ მეპარება, ექნება ადგილი) და არ დაუშვებს ქალის მიმართ უსამართლობას და არ დაჩაგრავს, როგორც ეს გააკეთა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები