დავით ნარმანია მერიიდან წასულ მაღალჩინოსნებზე: ერთობლივად შევჯერდით, რომ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს

თბილისის მერი დავით ნარმანია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ პერიოდული ცვლილებები, ბუნებრივია, რადგან მერია ცოცხალი ორგანიზმია. ზედამხედველობის, კეთილმოწყობის, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების, არქიტექტურის, ეკონომიკური პოლიტიკის – თბილისის მერიაში ყველა ეს საქალაქო სამსახური ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი. როგორც დავით ნარმანია ამბობს, ასეთი ცვლილებები შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს.
„ჩემი აზრით, ისინი კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ. მათი ინტენსიური მუშაობა განსაკუთრებით სტიქიის დროს გამოჩნდა, როცა ერთდროულად სტიქიასთან გამკლავებასაც ახერხებდნენ და მიმდინარე სამუშაოსაც ასრულებდნენ. გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს, პატივი უნდა ვცეთ. ისინი იყვნენ ჩემთან, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ და ერთობლივად შევჯერდით, რომ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს. აჟიოტაჟი, რომელიც ამასთან დაკავშირებით არის ატეხილი, აბსოლუტურად ხელოვნურია. მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში და თანამდებობიდან წასული პირები ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან, მათი ნაწილი კონკურსის გზით შეირჩევა, ზოგს კი მე წარვუდგენ საკრებულოს. როცა ადამიანს სურს გადავიდეს სამუშაოდ, ან მძიმე სამუშაო რეჟიმს გაერიდოს, შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არა გვაქვს. მათ ჰქონდათ უფლება, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და ამ განცხადების დაუკმაყოფილებლობაც არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“,-აცხადებს ნარმანია.
მისივე ინფორმაციით, ავთანდილ სუდაძე და გეგი ნიჟარაძე მის მიერ შერჩეული კადრები იყვნენ.
„კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გადმოვიყვანე, სადაც ჩემთან ერთად მუშაობდა. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელიც ჩემი ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელთან ერთადაც 10 წლის წინ ვმუშაობდი და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა“, – დასძინა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები