სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლილი მსხილაძე 7 ნოემბრის საქმეს ჩამოაშორეს
საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, რომლებიც 7 ნოემბრის საქმეს იხილავდნენ, დაიშალა. მოქმედი კოლეგიის ორმა მოსამართლემ ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თავმჯდომარე ლილი მსხილაძე საქმეს ჩამოაშორა.
“დღეს ამ პოროცესზე გათამაშდა ერთგვარი შოუ. შოუ, რომელიც მიმართული იყო მოსამართლის და სასამართლო ხელისუფლების შეურაცხყოფასა და უპატივცემულობისაკენ. მე, პირადად, აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართავ სათანადო ორგანოებს, რეაგირება მოახდინონ იმ ფაქტზე, რაც ამ სასამართლო სხდომაზე მოხდა. ამ საქმის განხილვა არცერთი მოსამართლისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის. საფუძველი იმისა, რომ იოტის ოდენა ეჭვი, რომ მოსამართლე იქნება მიკერძოებული და არაობიექტური, ჩემი მხრიდან არ არსებობდა. თუ ვინმეს ეს ეჭვი გაქვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება. მოხდება რეაგირება ამ ამბავზე,” – განაცხადა მოსამართლე ლილი მსხილაძემ.
მსხილაძეს ეს განცადება მისმა კოლეგამ შეაწყვეტინა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
“მეტი კორექტირებულობა მოგვეთხოვება, რომ პატივი ვცეთ სასამართლოს. ეს გადაწყვეტილება შეიძლება, ჩვენთვის მისაღები არ არის, მაგრამ პატივს ვცემთ მას და ვემორჩილებით. დარწმუნებული ვარ, ვინც იქნებიან შემდეგი მოსამართლეები, ობიექტურად მიუდგებიან ამ საქმეს და გადაწყვეტილებას საქმიდან მტკიცებულებებით მიიღებენ. საქმე 100 ტომისგან შედგება და დამკვირვებელი, რომელიც საქმეს შეისწავლის, დარწმუნდება, რომ სახეზეა დანაშაული”, – აღნიშნა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა.
ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატი ოთო კახიძე კი აცხადებს, რომ ლილი მსხილაძე საქმეში როგორც მოწმე, ისე უნდა დაეკითხათ.
“ქალბატონი ლილი მსხილაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მეგობარია და ახლახან დაინიშნა სასამართლოში, გამოირჩევა არა მხოლოდ მიკერძოებულობით, არამედ არაკომპეტენტურობითაც. პროკურატურა ამ მოსამართლეს კბილებით იცავდა იმიტომ, რომ მოსამართლე თვლიდა, რომ ბრალდებულები საქმეში უკვე დამნაშავეები და კრიმინალები იყვნენ. ერთ-ერთი მტკიცებულება უკვე მის მიერ არის მომზადებული. მოწმედ უნდა დაკითხულიყო, მოსამართლე კი არ უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა ოთო კახიძემ.
სასამართლო სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ 7 ნოემბრის საქმეს მოსამართლეთა ახალი კოლეგია, ან სულაც ერთი მოსამართლე განიხილავს.