ქუთაისის სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებულ აქტივისტებს პატიმრობა მიუსაჯა
2 ოქტომბერს ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ სამ პირს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „კვირას“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძესა და კახა გაბუნიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით შეეფარდათ, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. დაკავებულების ახლობლებმა სხდომაზე ყვირილი ატეხეს და პატიმრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები 2 ოქტომბერს პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. მათ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პიჯაკი შემოახიეს.