“ირმა ინაშვილმა თუ გაიმარჯვა, “რესპუბლიკელები” კოალიციას დატოვებენ!”
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „კვირის ქრონიკასთან“ შუალედური არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, თინა ხიდაშელის შემცვლელსა და მის მოგვარეს, “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელს თამარ ხიდაშელს სერიოზული კონკურენტი ჰყავს და ეს არის “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.
„შუალედური არჩევნები კოალიციის მომავალ ბედს განსაზღვრავს, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია, ვისი გამარჯვებით დასრულდება საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები. თინა ხიდაშელის შემცვლელსა და მის მოგვარეს, “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელს თამარ ხიდაშელს სერიოზული კონკურენტი ჰყავს და ეს არის “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ძალ – ღონეს არ იშურებს, რომ მისმა მოგვარემ და თანაპარტიელმა დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ჩვენ ვნახეთ კადრები, როცა ქალბატონი თინა ხიდაშელი იმყოფებოდა საგარეჯოში, ეს უკვე მინისტრის მხრიდან აღიქმება, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლა. არის ინფორმაცია, რომ ირმა ინაშვილი დამაჯერებლად მოუგებს და პირში ჩალაგამოვლებულს დატოვებს “რესპუბლიკელების” ფავორიტს. შუალდური არჩევნები იქნება გადამწყვეტი სიგნალი იმისა, დაახლოებით რა პროცენტს მოიპოვებს “ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – აცხადებს მჟავანაძე.