„სალხინოს სასახლის კამერატა“ – კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა – (ფოტო-ვიდეო)

კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი – „სალხინოს სასახლის კამერატა“, სალხინოს დადიანების სასახლეში გრანდიოზულად დასრულდა.
სასახლის ღია ხეივანი მსოფლიოს ვირტუოზ მუსიკოსებს სამი დღის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ მასპინძლობდა.
როგორც ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი შიო აბრახამია „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა და მას ყოველწლიური სახე მიეცემა.
„ფესტივალში ყველა მონაწილე 10-10-წუთიანი პროგრამით წარდგა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი წარმატებით შედგა და ის უდიდესი ოვაციითა და სიხარულით მიიღო დამსწრე პუბლიკამ. სამივე დღე იყო ნამდვილი ზეიმი მოსახლეობისა. საოცარი ემოციები მოდიოდა, როგორც შემსრულებლებისგან, ასევე ეს ყველაფერი ძალიან დიდი სითბოთი მიიღო მაყურებელმა“, – განაცხადა შიო აბრახამიამ.
მისივე თქმით, ფესტივალში მონაწილეობდნენ: ავსტრიის ინტერნაციონალური კამერული ორკესტრი „არპეჯონე“, იტალიელ გიტარისტთა დუეტი „ბლანკო-სინაკორი“, პოლონური დუეტი კლასიკურ აკორდეონსა და ვიოლინოზე „დუო კაროლინა მიკოლაიჩეკი და ივო იედინეცკი“, არგენტინელი ვირტუოზი ბანდონეონისტი (გარმონი) მარსელო ნისინმანი, სიმებიანი კვარტეტი სომხეთიდან „მირზოიან კვარტეტი“ და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან „ლალე“. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიზნესსექტორის ფინანსური მხარდაჭერით, სრულად დაფინანსდა.
როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე გაბისონია „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, ფესტივალი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსები სალხინოს დადიანების სასახლეში გააერთიანა.
„პირველივე წელიწადს საკმაოდ წარმომადგენლობითი იყვნენ მონაწილეები. ფაქტობრივად, ვირტუოზები ჩამოვიდნენ მსოფლიოს ყველა მხრიდან: გვყავდა არგენტინელი მუსიკოსები, გვყავდა ევროპიდან, ჩვენი მეზობელი სომხეთიდან. ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ ეს ფესტივალი ძალიან დიდხანს იარსებებს“, – განაცხადა ალექსანდრე გაბისონიამ.
როგორც “კვირას” ფესტივალის დირექტორმა, კომპოზიტორმა ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ განუცხადა, „სალხინოს სასახლის კამერატას“ მიზანია, ხელი შეუწყოს მარტვილის მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ტურიზმის განვითარებას და რაც მთავარია, სალხინოს სასახლეში მე-20 საუკუნამდე არსებული კულტურული სალონური საღამოებისა და კონცერტების ჩატარების ტრადიციის აღდგენას, რაც ფესტივალის უმთავრესი ამოცანაა.
როგორც ცნობილია, ბოლო მასშტაბური ზეიმი სასახლეში, 1897 წელს, ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს იყო. წლევანდელი ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ „დღის“, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე გრიგალავასა და საკრებულოს თავმჯდომარის, ალექსი გაბისონიას ორგანიზებით ჩატარდა. „სალხინოს სასახლის კამერატას“ საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“. ტელეკომპანიები: პირველი არხი, „ერთსულოვნება“, აჭარის ტელევიზია, „იმედი“.

12053327_421969424665115_571834739_n

12077362_421969434665114_46759292_n

12086945_421969411331783_322896497_n

12086945_421969431331781_2016293106_n

12092240_421969414665116_1936184979_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები