საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც 5 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მსოფლიო ბანკის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.
პრეზენტაცია გახსნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისასალმებელ სიტყვაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია უნდა იყოს ქვეყნის განვითარების განუყოფელი ნაწილი. მისი თქმით, აღნიშნულმა სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ისე ეკონომიკურად სწორი განვითარება. „დოკუმენტი საკმაოდ კომპლექსურია, მისი ძირითადი ამოცანაა იმ რეკომენდაციების მოწოდება საზოგადეობისთვის, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ გზებზე უსაფრთხოების დონის ამაღლებას. სამწუხაროდ, საქართველოში, წლების მანძილზე საგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მაშინ, როდესაც ევროპასთან ასოცირების ნაწილში ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულება, რომ ეს რაოდენობები შემცირდეს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრის განცხადებით, უნდა შეიქმნას მაკოორდინირებელი საბჭო, რომელიც შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას გაუწევს მონიტორინგს. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო – ამ უწყებების კოორდინაცია საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გეგმის განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება წარმატებული და ყველა ის მიგნება, რომელიც სტრატეგიაშია ჩამოყალიბებული, დეტალურად განიხილება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის ფარგლებში, 2015 წლის მარტში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სხვადასხვა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფს დახმარებას უწევდა საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი ჯინ ბრისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები