კობა კობალაძე: რაგბის თამაშზე ბიუჯეტის ფულით არ ვყოფილვართ, მასპინძლებმა დაგვპატიჟეს და ჩვენთვის ბილეთებიც მათ შეიძინეს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის კობა კობალაძის განცხადებით, ბრისტოლში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საკრებულოს წევრებმა საკრებულოს უკვე სრული და დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარუდგინეს. როგორც კობალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ვიზიტი არა 30, არამედ 20 000 ლარი დაჯდა. აქედან ბოლო 2 დღე კი, საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, ვიზიტორებმა პირადი თანხებით დაფარეს.
რაც შეეხება დეპუტატების რაგბის თამაშზე დასწრებას, კობალაძის თქმით, საქართველოდან ჩასული სტუმრები რაგბიზე მასპინძელმა მხარემ, „ბრისტოლ თბილისის“ ასოციაციის პრეზიდენტმა დერეკ აიკაპმა პირადად დაპატიჟა, მათი გადაადგილებისა და ბილეთის ხარჯებიც სწორედ მასპინძლებმა გაიღეს.
უშუალოდ ვიზიტის მიზეზი კი, საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, მთელი რიგი პრობლემური საკითხების კუთხით ბრისტოლის მაგალითისა და გამოცდილების გაზიარება იყო.
„ ბრისტოლში ვიზიტი დაახლოებით 20 000 ლარი დაჯდა. ამას დაემატა ის, რომ ბოლო 2 დღე დელეგაციის წევრები ჩვენი პირადი თანხებით ვიყავით. ვიზიტი, რომელიც „ბრისტოლ – თბილისის ასოციაციის“ და მისი პრეზიდენტის დერეკ პიკაპის მოწვევით გაიმართა, საკმაოდ პროდუქტიული იყო, ჩასვლის დღესვე შეხვედრა გავმართეთ ბრისტოლის მერთან ჯორჯ ფერგიუსონთან. მასთან ერთად ჩვენ კონკრეტული საკითხები განვიხილეთ, მათ შორის სატრანსპორტო, სოციალური, ფინანსური და ტურიზმის განვითარების საკითხებიც იყო. ჯამში 11 შეხვედრა გაიმართა. ვიმსჯელეთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის საკითხებზე, მოვინახულეთ სოციალურად შეჭირვებულთა საცხოვრისები და გავეცანით მათი ცხოვრების პირობებს. რაც შეეხება რაგბის თამაშზე დასწრების საკითხს. გეტყვით, რომ ამ თამაშისთვის ჩვენ არანაირი თანხა არ გაგვიღია, ამ თამაშზე ჩვენ მასპინძელმა მხარემ და დერეკ პიკაპმა დაგვატიჟა. ვიმგზავრეთ მისი პირადი ავტომობილით და მათივე გამოყოფილი თანხებით შეგვიძინეს ბილეთები. ამ თამაშზე არც ბიუჯეტის და არც ჩვენი პირადი ფული – არცერთი თეთრი არ დახარჯულა. ვიზიტის შესახებ სრული და დეტალური ანგარიში უკვე წარვუდგინეთ საკრებულოს“,- აღნიშნა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები